ახალი ამბები

გუშინდელი დაკავების შემდეგ”გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფი” გააქტიურებას აპირებს

26 თებერვალი, 2012 •
გუშინდელი დაკავების შემდეგ”გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფი” გააქტიურებას აპირებს

თბილისში, კიკვიძის ბაღში პოლიციის შენობის აშენების წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეთა დაკავების შემდეგ “გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფი” ბრძოლის გააქტიურებას აპირებს.

“გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფი” აპირებს კიდევ უფრო გააქტიუროს ბრძოლა, როგორც თბილისის ბაღ-პარკების და თბილისელთა სასიცოცხლო სივრცის დასაცავად, ასევე სხვა გარემოსდაცვით საკითხებზე,”-ამბობს “გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფის” წარმომადგენელი ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც გუშინ პოლიციამ დააკავა.

“გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფის” წარმომადგენლები პირველნი მივედით “კიკვიძის ბაღში”, სადაც ამჯერად საძირკვლის თხრა დაეწყოთ ღამით. მე პატრული გამოვიძახე და ბულდოზერს გადავუდექი წინ, რითაც შევაჩერე ეს ვანდალიზმი და უკანონობა. ჩემმა გამოძახებულმა პატრულის თანამშრომლებმა კი ყოველგვარი ახსნა-განმარტების და კანონიერი მოთხოვნის გარეშე დამაკავეს. პატრული მე მთავაზობდა საძირკვლიდან ამოსვლას თითქოსდა ჩემი გამოძახების საფუძველზე შედგენილ ოქმზე ხელმოსაწერად. მე კი ვითხოვდი ოქმის ჩამოწოდებას, რადგან გასაგები გახდა, რომ უკანონოდ დამაკავებდნენ. საბოლოოდ, ცრუ ბრალდებაში ტრადიციულად პოლიციის დაუმორჩილებლობა ჩაწერეს,”-აცხადებს ჩხარტიშვილი.

ლაშა ჩხარტიშვილის გარდა, სამართალდამცავებმა გუშინდელ აქციაზე კიდევ ხუთი მოქალაქე, “ქართული ოცნებისა” და “საქართველოს გზის” წარმომადგენლები, მიხეილ მესხი,  გიორგი  აფხაიძე, გიორგი ფარესიშვილი, თეიმურაზ მურვანიძე და დავით ფაცაცია დააკავეს.

დაკავებულთა შესახებ გუშინვე ინფორმაცია გაავრცელა შსს-მ, სადაც წერია, რომ “აღნიშნულმა პირებმა ხელი შეუშალეს კიკვიძის ბაღში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს. გადაკეტეს სატვირთო მანქანისთვის გამოყოფილი სამოძრაო გზა და შეაფერხეს მუშების საქმიანობა. დაკავებულები არ დაემორჩილნენ პოლიციის მოწოდებას გზის გახსნასთან დაკავშირებით და გაწიეს წინააღმდეგობა. აღნიშნულ პირებს სასამართლოს გადაწყვეტილებით დაეკისრათ ადმინისტრაციული სახდელი 400 ლარის ოდენობით.”

ლაშა ჩხარტიშვილი მიიჩნევს, რომ გუშინდელი ინციდენტის დროს ადგილი ჰქონდა “გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფის” და “კიკვიძის ბაღის” გადარჩენის კამპანიაში ჩართული სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლების წინააღმდეგ განხორციელებულ პოლიციურ ტერორს.

“მისი მიზანი იყო ჩვენი დაშინება, რაც, ბუნებრივია, არ გამოუვიდათ. პირადად ჩემთვის ეს მეათე პოლიტიკური და უკანონო დაკავება იყო.”-ამბობს ჩხარტიშვილი.

ამავე თემაზე:გაჩეხილი ფიჭვნარის ადგილზე პოლიციის შენობა შენდება

“უსაფრთხო სივრცე: “მოსკოვის გამზირზე 70 ფიჭვის ხე გაჩეხეს”

მორიგეობა კიკვიძის ბაღის დასაცავად [Video]

აქციის მონაწილეები ღამეს კიკვიძის ბაღში გაათენებენ [Video]

კიკვიძის ბაღის ნაწილი გაიჩეხა [VIDEO]

მასალების გადაბეჭდვის წესი