ახალი ამბები

“გახდი მეხუთე ელემენტი”

26 თებერვალი, 2012 •
“გახდი მეხუთე ელემენტი”
გუდიაშვილის სკვერში დღეს, 26 თებერვალს, საღამოს თბილისში ფასადების შეცვლის წინააღმდეგ მორიგი აქცია მოეწყობა.
აქციები, რომლებიც დაახლოებით ორი თვის განმალობაში ყოველ კვირა დღეს ეწყობა, “ფასადიზაციის, სიღნაღიზაციისა და უგულობის” წინააღმდეგ არის მიმართული.
აქციის ორგანიზატორთა თქმით, დღევანდელი აქციის დროს გუდიაშვილის სკვერში ოთხი საათის განმავლობაში მოეწყობა პორტალი პარალელურ სამყაროებში.
“4 ელემენტი უკვე ადგილზეა. გახდი მეხუთე ელემენტი. არ ჩაიცხრო ფასადურობის პრობლემა. ინვესტორი კბილებს ილესავს. პირველი მარტიდან, როგორც გველეშაპი მზეს, იგი შთანთქავს გუდიაშვილის მოედანს. არ დაიბნელო მზე!
აქ მდგარი სახლების უმეტესობა დაინგრევა და მათ ნაცვლად მიმსგავსებული ფასადის მქონე კონსტრუქციები ჩადგება, პლასტმასის ფანჯრებით, თაბაშირ-მუყაოს კედლებითა და მიწისქვეშა პარკინგით.

გაფუჭებული ტელეფონის აცილების მიზნით, მოვთხოვოთ ინვესტორს, მერიას და თბილისის განვითარების ფონდს, სამ ჩვენიანთან ქონდეს თვეში ერთხელ კონსულტაცია. სამი სამზე! აქ გამოჩნდება, ვინაა კეთილი, ცუდი, ბოროტი! “-ნათქვამია აქციის დღევანდელ ანონსში.

დღეს გუდიაშვილის მოედანზე აქციის მონაწილეები წიგნებსაც მოიტანენ.
“ამრავლე ცოდნა – გახდი წიგნიერი. მოჩხრიკე შენი თარო. მოიტანე წიგნები გასაყიდად, გასაცვლელად ან გასაჩუქებლად. გაუზიარე და გაიზიარე ცოდნა. იზრუნე გლდანის კრიზისული ცენტრის ბავშვებზე. მოიტანე ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. შემოსე ნორჩი, იყავი კეთილი. ამ დღეს გლინტვეინი კვლავ ითუხთუხებს შენთვის. გაგა ნახუცრიშვილი და პაატა შამუგია კი ცხელ-ცხელ ფენოვან ლექსებს წაგიკითხავენ.”
გუდიაშვილის მოედანზე აქციების დაგეგმვა ფეისბუქზე შექნილ გვერდზე დაიწყო. აქციას წინ უძღვოდა 19 დეკემბრს ინტერნეტში განთავსებული გუდიაშვილის მოედნის განვითარების პროექტი, სადაც ასევე მითითებული იყო, რომ ავსტრიულმა კომპანია Zechner & Zechner-მა კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა თბილისში მულტიფუნქციური პროექტის განვითარებისთვის.
სოციალურ ქსელში აღნიშნულ პროექტზე კომენტარების შემდეგ, 20 დეკემებრს, თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით, აღნიშნული კონკურსის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტში არაფერი იცოდნენ და რომ მათ გუდიაშვილის მოედნის განვითარების სულ სხვა გეგმა აქვთ.
“თუმცა, ფაქტია, 1 მარტიდან მოედანი კერძო მეპატრონეს გადაეცემა და კონტრაქტი, სადაც მითითებულია, რომ ინვესტორს აქვს უფლება, შეცვალოს წითელი ხაზები, ქუჩათა ქსელი და შეუძლია მიწიქვეშა ავტოფარეხი ააშენოს, რომ ფასადები თავიდან აშემდება აგურით, შიდა კედლები კი, ბლოკით. რომ ეზოები შეიცვლება. ნათელია, რომ თავიდან აშენებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ძეგლს უკვე აღარ წარმოადგენს.

ლიტერატურის მუზეუმში გამართულ შეხვედრაზე ინვესტორმა განაცხადა, რომ Zechner & Zechner-ის პროექტი არც კი განიხილება, თუმცა, რა პროექტი განიხილება, ეს არ უთქვამს. ისიც თქვა, რომ შენობების ფასადებს შეინარჩუნებს. მაგრამ ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ შენარჩუნებული ფასადები არ არის შენარჩუნებული ავთენტურობა. ფასადი არაფერია შინაარსის, შენობის, ეზოების, ჩიხების გარეშე.

ჩვენ ვეწინააღმდეგებით იმიტიციებს და მოვითხოვთ გუდიაშვილის მოედნის შენობების სასწრაფო გამაგრებასა და რეკონსტრუქციას.”-აცხადებენ ფეისბუქის გვერდზე აქციის ორგანიზატორები.

მასალების გადაბეჭდვის წესი