ახალი ამბები

პატრიარქს იერუსალიმში ჯვრის მონასტრის შესახებ არ უსაუბრია

28 თებერვალი, 2012 • 1482
პატრიარქს იერუსალიმში ჯვრის მონასტრის შესახებ  არ უსაუბრია

ჯვრის მონასტრის გადმოცემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მიმდინარეობას ისრაელის ოფიციალურ პირებთან ერთად საპატრიარქოშიც უარყოფენ.

ნეტგაზეთთან საუბრისას საქართველოს პატრიარქის მდივანმა, მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ პატრიარქის ისრაელში ვიზიტისას ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით არ უსაუბრიათ:

“ჩვენ 3 დღის წინ დავბრუნდით იერუსალიმიდან და ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით ინფორმაცია ნამდვილად არ გვქონდა, რა ინფორმაციაც მივიღეთ, ჩვენთვის ახალი იყო. იმ შეხვედრების დროს, რაც პატრიარქმა ისრაელში გამართა, ამ საკითხებზე არ გვისაუბრია”, – განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.

მისივე თქმით,  მათ მიაწოდეს ინფორმაცია, რომ სამუშაო ჯგუფში, რომელიც ჯვრის მონასტრის დაბრუნების საკითხებზე სამუშაოდ შეიქმნება, სავარაუდოდ, საპატრიარქოს წარმომადგენლებიც იქნებიან – “როგორც ვიცი, ამ ჯგუფში საპატრიარქოს წარმომადგენლებიც იქნებიან, თუმცა დეტალური ინფორმაცია არ მაქვს”, – აღნიშნა ბოტკოველმა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოლაპარაკებებს ისრაელის მხარე უარყოფს, დღეს ინტერნეტ–პორტალმა “იზრუსმა” გაავრცელა:

“ისრაელის მაღალჩინოსნები გაკვირვებულნი არიან ოფიციალური თბილისის განცხადების გამო იმასთან დაკავშირებით, რომ ჯვრის მონასტრის გადაცემაზე მოლაპარაკებები “დიდი ხანია” მიმდინარეობს”, – იუწყება “იზრუსი”

“იზრუსთან” საუბრისას ისრაელის საგარეო პოლიტიკური უწყების პრეს-მდივანმა იგალ პალმორმა აღნიშნა, რომ მსგავსი არაფერი სმენია. სააგენტოს ცნობით, ასეთივე რეაქცია ჰქონდათ ცენტრალური ევროპისა და ევრაზიის დეპარტამენტშიც.

იმის შესახებ, რომ იერუსალიმის მონასტრის დაბრუნებაზე სპეციალური ჯგუფი მუშაობს, მიხეილ სააკაშვილმა 25 თებერვალს გორში, თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჯგუფის შემადგენლობას ასაიდუმლოებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკა რურუა. მისი თქმით, სამუშაო ჯგუფის წევრების ვინაობა და ტექნიკური საკითხები კონფიდენციალურად დარჩება, რადგან “რეზულტატი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მისი სასწორზე დადება არ ღირს.”

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა–პატრონობა სამინისტროს პრიორიტეტია:

“ეს ის საკითხია, რომელიც ისეთ სახელმწიფოებს, როგორიცაა ისრაელი და საბერძნეთი, კარგად ესმით, რადგან ეს მათთვის  ღირებული თემაა.  რაც შეეხება სირთულეებს,  ამასთან დაკავშირებით  ნაადრევია საუბარი,  რადგან, პირველ რიგში,  საჭიროა მოლაპარაკებების ინტენსიფიკაცია”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე.

ისტორიული წყაროების ცნობით, XVII საუკუნის ბოლოს ჯვრის მონასტერი ბერძენთა ხელში გადავიდა და იერუსალიმის საპატრიარქოს დაექვემდებარა. მონასტერში წირვა–ლოცვა ბერძნულ ენაზე მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი