ახალი ამბები

სააკაშვილი: ქართველებისთვის რუსეთში წასვლა თითქმის შეუძლებელია

23 თებერვალი, 2012 •
სააკაშვილი: ქართველებისთვის რუსეთში წასვლა თითქმის შეუძლებელია

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსების უმეტესობასაც შეუძლია საქართველოში ვიზის გარეშე ჩამოსვლა, მაგრამ ქართველებისთვის რუსეთში წასვლა თითქმის შეუძლებელია.

აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მაასტრიხტის უნივერსიტეტში გამოსვლისას საქართველოს პოლიტიკური ტრანსფორმაციისა და რეგიონში მისი როლის ზრდის მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა.

“ჩვენ გვაქვს მეზობლებთან ლიბერალური მიდგომა. რუსების უმეტესობასაც შეუძლია საქართველოში ვიზის გარეშე ჩამოსვლა, მაგრამ ქართველებისთვის რუსეთში წასვლა თითქმის შეუძლებელია. ისინი ასევე ყოველთვის საუბრობენ ახალ აგრესიასა და ახალ კონფლიქტზე. თუმცა, იმის მიხედვით,  თუ როგორი დამოკიდებულება გვაქვს მეზობელ ქვეყნებთან, წელს რუსეთიდან მილიონამდე  ტურისტს ველოდებით. ზოგადად, მათ საოცარი შთაბეჭდილება რჩებათ საქართველოზე. ასე რომ, ეს არის ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას მივაღწიეთ ამ პერიოდის განმავლობაში და ის, რაზეც მინდოდა საუბარი”, – განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდა და მიხეილ სააკაშვილი უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს მათთვის საინტერესო თემებზე ესაუბრა. აუდიტორიის ინტერესს, ძირითადად, ისეთი საკითხები წარმოადგენდა, როგორიცაა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა, მათ შორის, მოლაპარაკება ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკების დაწყების პერსპექტივა, საქართველოს ნატოში მისწრაფება და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა.

პრეზიდენტმა გამოყო ქვეყანაში გატარებული რეფორმები და აღნიშნა, რომ “საქართველო მართლაც სამაგალითო გახდა მსოფლიოს ჩვენი ნაწილისთვის”.

“ორი თვის წინ ყირგიზეთში ვიყავი. სამწუხაროდ, საქართველოში ცოტა თუ იციან ყირგიზეთის შესახებ, მაგრამ მე იქ ხალხი ქუჩებში შემეგება. მივედი ადგილობრივ უნივერსიტეტშიც, სადაც ყველა სტუდენტს დეტალურად ასწავლეს საქართველოს რეფორმები, რადგან ამ ქვეყნებისთვის ეს მნიშვნელოვანია. იგივე შეიძლება ითქვას უკრაინაზე და, სხვათა შორის, რუსეთზეც, სადაც ბევრი ოპოზიციური ფიგურა მოითხოვს, რომ მათ ჰქონდეთ საქართველოს მსგავსი რეფორმები. ეს შესანიშნავია. ჩვენ ვიყავით ყველაზე უიმედო  საზოგადოებებს შორის და ახლა, როდესაც ხალხი გვიყურებს, ამბობს, რომ თუ ჩვენ შევძელით ამის მიღწევა ნავთობისა და გაზის გარეშე, მაშინ ამის გაკეთება ნებისმიერ მათგანს შეუძლია. ამ გადმოსახედიდან საქართველოში ძალიან დიდი ცვლილება მოხდა,” – აღნიშნა სააკაშვილმა.  

გამოსვლაში პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის შეუსრულებელ ვალდებულებაზეც.

“რა თქმა უნდა, თქვენ იცით, რომ რუსეთის მთავრობა არ აღიარებს ჩვენს საზღვრებს და ოფიციალურად სურს ჩვენი მთავრობის ხელისუფლებიდან წასვლა. ასევე, არ აღიარებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დოკუმენტს, რომელსაც მან ხელი საფრანგეთის შუამავლობით მოაწერა. ის ამბობს, რომ ვითარება შეიცვალა და ის ნახევარი მილიონი ადამიანი, რომელიც მისი მიზეზით უსახლკაროდ დარჩა, ვერ დაბრუნდება საკუთარ სახლებში,” – განაცხადა სააკაშვილმა.

მან ისაუბრა საქართველოს სამეზობლო ურთიერთობების შესახებაც.
“ჩვენ გვაქვს საოცარი ურთიერთობა სხვა მეზობლებთან. თურქეთთან ჩვენ გვაქვს უვიზო და უპასპორტო მიმოსვლა მხოლოდ ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი საბუთებით. ჩვენ გვაქვს ახალი ტექნოლოგია საზღვრებზე. შესაძლებელია საზღვრის გადაკვეთა პირადობის დამადასტურებელი საბუთით. ახლახან აშშ-ში ვიმყოფებოდი პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრაზე და მან, ფაქტობრივად, განაცხადა, რომ საქართველოს რეფორმები სამაგალითოა მთელი რეგიონისთვის. მანვე განაცხადა, რომ ამერიკელები საქართველოსთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე იწყებენ მოლაპარაკებას. ამის შედეგად საქართველოს შესაძლებლობა ექნება, გახდეს ევროპაში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მსგავს შეთანხმებას დადებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ევროკავშირთან ღრმა და  ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების თაობაზე. მალე დავიწყებთ მათთან ვიზების გარეშე მიმოსვლის შესახებ მოალაპარაკებასაც. რა თქმა უნდა, ეს არის ის, რაც საქართველოს რეგიონულ ჰაბად აქცევს, რადგან ჩვენ გვაქვს მეზობლებთან ლიბერალური მიდგომა,” – აღნიშნა სააკაშვილმა.

მისივე განცხადებით, საქართველოს მიგრაციის პოზიტიური ბალანსი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდები აღარ ტოვებენ ქვეყანას. ისინი პერსპექტივას ხედავენ და წინსვლისკენ არიან მიმართული.

დამსწრე საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტი მაასტრიხტის უნივერსიტეტის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა მარტინ პოლმა პირადად წარუდგინა. მიხეილ სააკაშვილმა იმ რეფორმებისა და ცვლილებების შესახებ ისაუბრა, რომელიც ქვეყანაში 2004 წლიდან, ხელისუფლებაში მისი მოსვლის დღიდან ხორციელდება.

„რადიკალურმა რეფორმებმა ჩვენი ქვეყანა არშემდგარი სახელმწიფოსგან რეგიონის ლიდერად აქცია – ვარდების რევოლუციამდე ჩვენ თითქმის არშემდგარი სახელმწიფო ვიყავით, მაგრამ ახლა, კორუფციასთან ბრძოლისა და ეკონომიკის გახსნილობის თვალსაზრისით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვლიდერობთ“, – განაცხადა საქართველოს პირველმა პირმა და აუდიტორიას იმ გზის შესახებ ესაუბრა, რომელმაც ქვეყანა წარმატებამდე მიიყვანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი