ახალი ამბები

ამერიკელების მხოლოდ 2% მიიჩნევს რუსეთს ქვეყნის მტრად

23 თებერვალი, 2012 •
ამერიკელების მხოლოდ 2% მიიჩნევს რუსეთს ქვეყნის მტრად

შეკითხვაზე, თუ ვინ მიაჩნიათ აშშ-ს უდიდეს მტრად, ამერიკელები ყველაზე ხშირად ასახელებენ ირანს. “გელაპის” მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგებით, გამოკითხულთა 32%-ს მიაჩნია, რომ დღესდღობით ირანია აშშ-ის ყველაზე დიდი მტერი, ხოლო 23%-ის აზრით, ეს არის ჩინეთი.

“მტერი ქვეყნების” ხუთეულში ამერიკელები მოიაზრებენ, ასევე, ჩრდილოეთ კორეას (10%), ავღანეთს (7%) და ერაყს (5%).

ამერიკელების მხოლოდ 2% მიიჩნევს რუსეთს ქვეყნის მტრად, ასევე, 2% – პაკისტანს, 1%-ის აზრით კი აშშ-ის ყველაზე დიდი მტერი თავად ამერიკაა.

კვლევის ავტორების თქმით, შარშანდელთან შედარებით მკვეთრად გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი აშშ-ში, რომლებიც ირანს მიიჩნევენ ქვეყნის მტრად: მაგალითად, 2011 წელს ასე გამოკითხულთა მხოლოდ 25% ფიქრობდა.

განსხვავებულია ქვეყნის მტრების აღქმის მაჩვენებლები “დემოკრატებსა” და “რესპუბლიკელებს” შორის: მაგალითად, ირანი ქვეყნის უდიდესი მტერია ამერიკელი “რესპუბლიკელების” 37%-ისთვის და “დემოკრატების” 30%-ისთვის, ჩინეთი – “რესპუბლიკელების” 28 და “დემოკრატების” 18%-ისთვის, ჩრდილოეთ კორეა – “რესპუბლიკელების” 8 და “დემოკრატების” 10%-ისთვის, ავღანეთი – “რესპუბლიკელების” 4 და “დემოკრატების” 11%-ისთვის, ხოლო ერაყი – “რესპუბლიკელების” 7 და “დემოკრატების” 2%-ისთვის.

გელაპის კვლევა აშშ-ში ჩატარდა მიმდინარე წლის 2-5 თებერვალს სატელეფონო ინტერვიუების გზით. გამოკითხული იქნა აშშ-ს 50-ვე შტატში მცხოვრები 1029 18 წელს ზემოთ ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი