ახალი ამბები

არასამთავრობოები უზენაეს სასამართლოს მოუწოდებენ, დასაშვებად ცნოს რუსთავი 2-ის საჩივარი

13 ივლისი, 2016 • 1431
არასამთავრობოები უზენაეს სასამართლოს მოუწოდებენ, დასაშვებად ცნოს რუსთავი 2-ის საჩივარი

ექვსი არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს განცხადებას, სადაც მოუწოდებს უზენაეს სასამართლოს, რომ დასაშვებად ცნოს და კანონმდებლობის სრული დაცვით განიხილოს რუსთავი 2-ის საქმე.

მათი განცხადებით, საქალქო და სააპელაციო სასამართლოში ეს დავა ხარვეზებით მიმდინარეობდა.

განცხადებას ხელს აწერენ: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CIDA), საქართველოს ატლანტიკური საბჭო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA).

“12 ივლისს, „რუსთავი 2“ – ის წარმომადგენლებმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ – ის 100% წილის მფლობელობის ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნებასთან დაკავშირებით.

სამოქალაქო სექტორი ვაკვირდებით მიმდინარე სასამართლო პროცესებს. ამ პერიოდის განმავლობაში გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან არაერთი განცხადება გაკეთდა, მათ შორის სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრების ვადის შემცირებისა და  პირველი ინსტანციის მხრიდან მიღებული დაუსაბუთებელი განჩინებების შესახებ.

ამ და განსაკუთრებით პირველ ინსტანციაში საქმის განხილვისას  დაფიქსირებული სხვა გარემოებების ფონზე განმტკიცდა ეჭვი სასამართლოს საქმიანობაზე შესაძლო პოლიტიკურ გავლენებთან დაკავშირებით,  რაც ჩვენს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, კრიტიკულად განწყობილი ტელეარხის გარშემო მოვლენათა ისეთი განვითარება, რომელმაც შესაძლოა შედეგად მოიტანოს მისი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა, დააზიანებს ქვეყანაში პლურალისტულ მედიაგარემოს და დემოკრატიის ხარისხს.

მოვუწოდებთ საქართველოს უზენაეს სასამართლოს, დასაშვებლად ცნოს  და კანონმდებლობის სრული დაცვით მოახდინოს საქმის განხილვა. რათა გამოირიცხოს ის კითხვის ნიშნები, რომლებიც მოცემული საქმის განხილვისას პოლიტიკურ ინტერესთან დაკავშირებით არსებობს,”- აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი