კიკვიძის პარკში კვლავ აქცია გაიმართა- ადგილობრივ მოსახლეობას თბილისის სხვა უბნებში მცხოვრებლებიც შეუერთდნენ.
მოქალაქეების ნაწილის თქმით, ისინი აპირებენ ბაღის დაცვას, რომ დარჩენილი ხეებიც არ გაჩეხონ და ხეების დასაცავად ღამის გათენებას აპირებენ.
იმ ხეების ნაწილი, რომლებიც უკვე მოიჭრა, დაჭრეს და სახლში წაიღეს:
“როცა გაჭირვებულ ადამიანს სახლს დაგიწვავენ, ხელები მაინც უნდა გაითბოო, სანამ თვითონვე გაზიდავენ ამ ხეებს, ჯობია ჩვენ წავიღოთ”, – განაცხადა ნაძალადევის რაიონში მცხოვრებმა ერთ–ერთმა ქალბატონმა.
აქციაზე ასევე ნაძალადევის რაიონის მცხოვრები ტატიანა რედკოც მოვიდა. მისი თქმით, ყველა იმ აქციას ესწრებოდა, რომელიც როდესმე ყოფილა თბილისში ბუნების დასაცავად:
“აქცია რომც არ გაემართათ, მე ყველგან მივდიოდი, სადაც ხეები იჩეხებოდა, თითოეული ადგილიდან ხის თითო ნაფოტი მომქონდა სამახსოვროდ. მინდა გითხრათ, რომ, სამწუხაროდ, ნაფოტების კოლექციით მთელი ჩემი სახლი გაივსო. ასე თუ გააგრძელეს, მალე ქალაქში გამწვანებული ადგილი არ დარჩება”, – განაცხადა ტატიანა რედკომ, რომლის კოლექციასაც დღეს კიდევ ერთი ტოტი შეემატა.
დღევანდელ აქციას კრეატიული მოძრაობა “ხელოვნება ცვლილებებისთვის” წევრებიც შემოუერთდნენ, მათ მუყაოს ქაღალდებზე ნახატები და სლოგანები დაწერეს.
აქციის მონაწილეებმა დარჩენილი ხეებიც დანომრეს და იმედი გამოთქვეს, რომ დანომრილი ხეებიდან არც ერთი აღარ მოიჭრება.