ერგნეთში მხარეები ფერმერთა უსაფრთხოების საკითხზე შეთანხმდნენ [Photo]

ერგნეთის შეხვედრაზე, რომელიც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ორგანიზებით იმართება, მხარეებმა სოფლის მეურნეობის საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით ოპერატიული ჯგუფი შექმნეს, რომელიც ე.წ. საზღვრის გასწვრივ მდებარე მიწის ნაკვეთებში ფერმერთა უსაფრთხო მუშაობის შესახებ იზრუნებს.

ოსებთან ერთად რუსი სამხედროებიც ესწრებიან შეხვედრას
ოსებთან ერთად რუსი სამხედროებიც ესწრებიან შეხვედრას

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრებმა დვანიდან ისევ ერგნეთში გადაინაცვლაა. დაახლოებით ერთი წლის წინ  სოფლის სკოლაში გახსნილი ნატოს საინფორმაციო კუთხის გამო ოსურმა მხარემ ერგნეთის შეხვედრებზე უარი თქვა და სოფელ დვანში ჩატარებას დათანხმდა. დვანთან მისასვლელი გზები კი მოუწესრიგებელია და დელეგაციის წევრები ხშირად იგვიანებდნენ ხოლმე. დღეს ოსური დელეგაციის ხელმძღვანელი მერაბ ჩიგოევი მიჩნევს, რომ თავის დროზე ერგნეთის ნატოს ზონად გამოცხადება გადაჭარბებული იყო და ახლა ეს საკითხი ამოწურულია.

შეხვდრა კარავში, რომელიც ორ საგუშაგოს შორისაა
შეხვდრა კარავში, რომელიც ორ საგუშაგოს შორისაა

ერგნეთის შეხვედრაზე, რომელიც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ორგანიზებით იმართება, მხარეებმა სოფლის მეურნეობის საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით ოპერატიული ჯგუფი შექმნეს, რომელიც ე.წ. საზღვრის გასწვრივ მდებარე მიწის ნაკვეთებში ფერმერთა უსაფრთხო მუშაობის შესახებ იზრუნებს. წინათ ხშირი იყო შემთხვევები, როცა ნაკვეთებში მომუშავე ადამიანებს შეიარაღებული ჯგუფები სასოფლო ტექნიკას და მოსავალს ართმევდნენ ხოლმე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, შოთა უტიაშვილის განცხადებით, მხარეებმა ამ საკითხზე შეთანხმება უპრობლემოდ მოახერხეს.

შოთა უტიაშვილი
შოთა უტიაშვილი

შეხვედრის ბოლოს დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მოადგილე მერაბ ჩიგოევი უკმაყოფილო იყო იმის გამო, რომ ქართულმა მხარემ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტერაქტებისთვის სამუდამო პატიმრობამისჯილი ვალიევის, ზასეევის და კაბისოვის განაჩენის გადახედვაზე უარი თქვა.

ჩიგოევი დღის წესრიგს ეცნობა
ჩიგოევი დღის წესრიგს ეცნობა

ცხინვალის ციხეში მყოფი 4 ქართველის გათავისუფლებაზეც ჯერჯერობით შეთანხმება მიღწეული არ არის. შოთა უტიაშვილის თქმით, მოლაპარაკება მას შემდეგ გაგრძელდება, რაც დე ფაქტო რესპუბლიკაში ახალი მარიონეტული მთავრობა ჩამოყალიბდება.

ანჟეი ტიშკევიჩი (ევროკავშირი) და პადრიგ მერფი (ეუთო)
ანჟეი ტიშკევიჩი (ევროკავშირი) და პადრიგ მერფი (ეუთო)

დღესვე ქართულმა მხარემ უგზოუკვლოდ დაკარგული კაბისოვის საქმესთან დაკავშირებით ოსურ მხარეს ინფორმაცია მიაწოდა. ამ ინფორმაციის მიხედვით, 2008 წელს ქართველი პოლიციელების მიერ დაკავებული კაბისოვი სასამართლოში გამოცხადების პირობით გაათავისუფლეს, მაგრამ ამის შემდეგ მისი კვალი დაიკარგა. ამ ვერსიას ოსური მხარე არ იჯერებს და ქართულ მხარეს სთხოვს მის მოძიებას. გარდა ამისა, ოსური მხარე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასაც აკრიტიკებს, მისი აზრით, დამკვირვებლებმა საზღვრისპირა სოფლებში მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ, რათა საზღვრის დარღვევის ფაქტები  კიდევ უფრო შემცირდეს.

ინციდენტების პრევანციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა ერგნეთში ერთ თვეში გაიმართება.

ევროკავშირის დამკვირვებლები
ევროკავშირის დამკვირვებლები

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
გოგა აფციაური