ახალი ამბები

ოთარ დანელია: მიღებულია საბოლოო გადაწყვეტილება ღვინის სუბსიდირებასთან დაკავშირებით

13 ივლისი, 2016 • 1535
ოთარ დანელია: მიღებულია საბოლოო გადაწყვეტილება ღვინის სუბსიდირებასთან დაკავშირებით

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ 13 ივლისს, მთავრობის სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ რქაწითელის ყურძენზე სახელმწიფო სუბსიდია 45 თეთრი იქნება, ხოლო  საფერავის ყურძენზე – 20 თეთრი.

ოთარ დანელიას თქმით, ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა ყურძნის სუბსიდირებასთან დაკავშირებით. მისი შეფასებით, “შარშანდელი მიდგომები ამ მიმართულებით პრაქტიკულად ნარჩუნდება”. ამის მიზეზად დანელიამ დაასახელა, რომ “შარშანდელი პრაქტიკა, სადაც ბენეფიციარი იღებს პირდაპირ 15 დღის შემდეგ ანაზღაურებას სუბსიდიის ნაწილში, ყველაზე გამართლებული აღმოჩნდა”.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, ღვინის საექსპორტო ღირებულება  მნიშნველოვნად არის შემცირებული მიუხედავად იმისა, რომ გაზრდილია ექსპორტი: “ღვინის ექსპორტი 42%-ით არის გაზრდილი შარშანდელი ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან შედარებით, თუმცა დაახლოებით 25%-ით არის შემცირებული ფასი 2014 წელთან შედარებით. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ჯერ კიდევ საჭიროა სტიმული, თუმცა, რა თქმა უნდა, როგორც პრემიერმა ბრძანა, ჩვენი თვითმიზანი არის გამოვიდეთ საერთოდ სუბსიდიის მიდგომებიდან, როდესაც დარგი ამის შესაძლებლობას მოგვცემს”.

ოთარ დანელიას თქმით, ამჟამად დარგი ამის შესაძლებლობას არ იძლევა, ამიტომ სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანია “როგორც მევენახეების, ასევე ექსპორტიორთა ინტერესების გათვალისწინება”.

“შარშან იყო ცრუ განგაში, რომ [ჩამბარებლები ყურძენს] არ იბარებდნენ, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული რთველი. ჩვენ დავიანხეთ, რომ არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩენილა. ანალოგიურად იქნება მიმდინარე წელს”, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი