ახალი ამბები

დავით ბაქრაძე – ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროპაში გადაწყვეტილება მიღებულია

13 ივლისი, 2016 • 1724
დავით ბაქრაძე – ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროპაში გადაწყვეტილება მიღებულია

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, დავით ბაქრაძემ 13 ივლისს, მთავრობის სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხი უკავშირდება პროცედურულ დეტალებს, რაც “თანამიმდევრულად მიმდინარეობს შესაბამის სტრუქტურებში”.

მისი თქმით, 5 სექტემბერს იგეგმება ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტში (LIBE) შეხვედრა, სადაც საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო წინადადების საკითხს განიხილავენ.

“5 სექტემბრის ლიბეს კომიტეტში დადებითი გადაწყვეტილების შემდგომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი უკვე ჩაინიშნება ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე და მიღებულ იქნება გადაწყვეტლება”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ. მისი თქმით, ამ საკითხის მიმართ მას “აბსოლუტურად პოზიტიური განცდა აქვს” და საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროპაში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

სავიზო რეჟიმის გაუქმების პროცესის ტექნიკური [სამოქმედო გეგმა] ნაწილი საქართველომ გასული წლის დეკემბერში დახურა. ეს მხოლოდ პროცესის ერთ-ერთი ეტაპი იყო. ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს წარმომადგენლის, ვანო ჩხიკვაძის განმარტებით, უვიზო მიმოსვლამდე რჩება შემდეგი ეტაპები:

ევროპარლამენტი კენჭს უყრის ცვლილებას და გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით (საჭიროა სულ მცირე 376 მომხრე პარლამენტის 751 წევრიდან) და შემდგომ ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს უგზავნის კენჭისყრისთვის.

მინისტრთა საბჭო, რომელშიც შედიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები (მხოლოდ შენგენის ზონაში შემავალი ქვეყნების), კენჭს უყრიან ევროკომისიის წინადადებას. ოფიციალურად გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა 228 ხმა 309 ხმიდან (არაოფიციალურად, საჭიროა კონსენსუსი). ხმების მიხედვით საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას მხარი უნდა დაუჭირონ მინიმუმ ამ ქვეყნებმა (მინისტრთა საბჭოში ხმების რაოდენობას განსაზღვრავს ქვეყნის მოსახლეობა. რაც უფრო ბევრია მოსახლეობა, მით მეტი ხმა აქვს ქვეყანას): საფრანგეთი – 29 ხმა; გერმანია – 29 ხმა; იტალია – 29 ხმა; ესპანეთი – 27 ხმა; პოლონეთი – 27 ხმა; ჰოლანდია – 13 ხმა; ბელგია – 12 ხმა; ჩეხეთი – 12 ხმა; საბერძნეთი – 12 ხმა; უნგრეთი – 12 ხმა; პორტუგალია – 12 ხმა; ავსტრია და შვედეთი – 10 ხმა.

გადაწყვეტილება იბეჭდება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში.

გადაწყვეტილება გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს შედის ძალაში, თუ სხვაგვარად არ გადაწყვეტს მინისტრთა საბჭო და არ გააკეთებს შესაბამის ჩანაწერს მიღებულ გადაწყვეტილებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი