დღეს, 21 თებერვალს, დაფუძნდა პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნება”, რომელიც ოთხ პარტიას აერთიანებს, ესენია: “ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო”, “საქართველოს რესპუბლიკური პარტია”, “თავისუფალი დემოკრატები” და “ეროვნული ფორუმი”.
პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტიკურ საბჭოს ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს, ხოლო პოლიტსაბჭოში ზვიად ძიძიგური, დავით ბერძენიშვილი, ალექსი პეტრიაშვილი და ნოდარ ხადური შედიან.
პრეზენტაციას, კოალიციური პარტიების გარდა, ივანიშვილის პოლიტიკური პარტიის საინიციატივო ჯგუფის წევრებიც ესწრებოდნენ. აღნიშნულ პრეზენტაციაზე “ქართულმა ოცნებამ” წარმოადგინა დეკლარაცია (12-პუნქტიანი გეგმა), რომელსაც კოალიცია ხელისუფლებაში მოსვლის შემთხევვაში განახორციელებს.
შეკრებილებმა მტკიცედ გამოხატეს მხარდაჭერა აღნიშნული დეკლარაციის მიმართ და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ კოალიციის შიგნით სრული თანხვედრაა და ყველა საკითხი არა ერთპიროვნულად, არამედ შეთანხმების გზით მიიღება.
შეხვედრაზე ასევე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამ კოალიციის მთავარი შემკვრელი ბიძინა ივანიშვილია.
“გარანტია იმისა, რომ ეს კოალიცია გაიმარჯვებს, ეს კოალიცია არავითარი დაშლის საფრთხის წინაშე არ დადგება, არის ბიძინა ივანიშვილი და მისი განუზომელი ავტორიტეტი. ეს არის სრულიად თვისობრივი სხვაობა იმ კოალიციებთან შედარებით, რომელიც “რვიანის” ან “ექვსიანის” ფორმატში იყო,” – მიიჩნევს პარტია “კონსერვატორების” ლიდერი და კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტიკურ საბჭოს წევრი ზვიად ძიძიგური.
ცნობისთვის, ზვიად ძიძიგური მარტო გახდა კოალიციის წევრი, მისი პარტია ვერ მოხვდა კოალიციურ ოთხეულში. კითხვაზე, რამდენად არის თანხვედრა მასსა და კოალიციის წევრების მოსაზრებებს შორის, ძიძიგური პასუხობს: “პოლიტიკური თვალსაზრისით, რაზეც გვჭირდება ჩვენ საქმიანობა, ყველაფერშია თანხმობა. კოალიციაში ყველა პოზიცია საგარეო და საშინაო საკითხებში შეჯერებულია”.
“მე მინდა გითხრათ, რომ ეს უსერიოზულესი პოლიტიკური კოალიციაა, რომელიც შეცვლის არსებულ ხელისუფლებას. გაცილებით დიდი შესაძლებლობა გაჩნდა ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში სააკაშვილის დამარცხების, ვიდრე ეს აქამდე ყოფილა. აქ ფინანსები არაფერ შუაშია, ვინაიდან გაცილებით მეტი ადამიანია საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში, ვისაც ძალიან დიდი ფული აქვს, მაგრამ მათი ფულის შემოსვლა ქართულ სივრცეში ვერ გამოიწვევდა პოლიტიკური ბალანსის ისე შეცვლას, როგორიც ეს ბიძინა ივანიშვილის შემოსვლამ განაპირობა,” – აღნიშნავს ძიძიგური.
პოლიტსაბჭოში ვერ მოხვდა “ხალხის პარტიის” ლიდერი კობა დავითაშვილი, თუმცა აღნიშნავს, რომ ამის გამო გული არაფერზე წყდება და აქცენტს პოლიტიკურ კოალიციაში მასსა და კოალიციის სხვა წევრებს შორის საკითხების თანხვედრაზე აკეთებს.
“სრულებით მისაღებია ჩემთვის, ჩვენ ერთად ვმუშაობდით ამ დეკლარაციაზე და ბევრი ჩემი შენიშვნა და წინადადება გათვალისწინებულია, ასე იქნება მომავალშიც. პიროვნულად არ ხდება გადაწყვეტილების მიღება და მხოლოდ შეთანხმებით მიიღება კოალიციაში გადაწყვეტილებები,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” დავითაშვილმა.
რაც შეეხება კოალიციის მიზანს და გეგმებს, პრეზენტაციაზე გამოიყო საშინაო და საგარეო საკითხების ცალკეული პრიორიტეტებიც.
“თავისუფალი დემოკრატების” ხელმძღვანელმა ირაკლი ალასანიამ ქვეყანაში ბიზნესექტორის მდგომარეობაზე და მის განვითარების გზებზე ისაუბრა და კოალიციის პრიორიტეტებად სოფლის მეურნეობის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება დაასახელა.
“ჩვენ ძალიან სწორი წარმოდგენა გვაქვს იმაზე, თუ როგორ უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები რეგიონებში, რადგან სოფლის მეურნეობა, რომელიც ხელისუფლების მიერ იგნორირებულია, გახდება მთავარი, რასაც ფეხზე დავაყენებთ. სოფლის მეურნეობის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ჩვენი ეკონომიკური საქმიანობის მთავარი ღერძი იქნება. გარდა ამისა, აუცილებელია ბიზნესმენებს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, უფასო კრედიტით სარგებლობის საშუალება ჰქონდეთ. გასულ წლებში და მიმდინარე წელსაც საქართველოში ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ბიზნესმენებს ჰქონდათ, იყო ის, რომ საგადასახადო სისტემა, ასევე, ფინანსური პოლიცია ჩასაფრებულია. საგადასახდო კოდექსი კი ჯარიმების კოდექსად არის ქცეული. ჩვენ ამას შევცვლით“, – განაცხადა ალასანიამ.
“ეროვნული ფორუმის” ლიდერმა კახა შარტავამ კი გამოსვლა “ნაციონალური მოძრაობისეული” დევიზით (“საქმე ლაპარაკის ნაცვლად”) დაიწყო.
“საკეთებელი, სამუშაო ძალიან ბევრია. უმჯობესია, თუ საქმე ილაპარაკებს ჩვენ მაგივრად და პროგრამული გამოსვლებისა და საუბრების დრო კიდევ წინ არის,” – აღნიშნა შარტავამ.
მან გამოსვლაში კიდევ ერთხელ დაადასტურა თანხმობა კოალიციაში შესვლის შესახებ და აქცენტები საერთაშორისო ორგანიზაციებსა და რეგიონში საქართველოს როლსა და მნიშვნელობაზე გაამახვილა.
“ეროვნული ფორუმის” სახელით ვადასტურებ ჩვენს კოალიციურ შეთანხმებას და ყველა იმ ფუძემდებლური პრინციპის მნიშვნელობას, რომელიც ჩვენს ერთობლივ დეკლარაციაშია ჩამოყალიბებული. იმ საკითხების მოგვარებას, რაზეც ჩემი კოლეგები საუბრობდნენ, მარტო საშინაო განხილვა არ ყოფნის. სწორად დასაქმებული მოქალაქე, სათანადოდ დასაქმებული მოქალაქე შეიძლება იყოს მხოლოდ სწორად დასაქმებულ სახელმწიფოში. საქართველოს სახელმწიფოს სწორი, საერთაშორისო როლი და ფუნქცია არის მისი მთლიანობის გარანტი და საქართველოში მცხოვრები მოქალაქეების შესაძლებლობათა რეალიზების სათანადო არეალის შექმნის გარანტი. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ყველა იმ საერთაშორისო სტრუქტურასა და ორგანიზაციაში, რომელიც პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ გავლენას ახდეს კაცობრიობაზე, დღევანდელ ეტაპზე სრულფასოვანი მონაწილეობა და აქტიურობა. კავკასიური სივრცის ათვისება, რეგიონული ფუნქციის მოპოვება, საერთაშორისო ფუნქციისა და რეგიონულიი ფუნქციების დაკავშირება იქნება ჩვენი უმთავრესი ამოცანა. საქართველო უნდა იყოს არა საჯილდაო ქვა, არამედ მრგვალი მაგიდა იმ პრობლემების მოგვარებისა, რომლის მოგვარებაშიც დაინტერესებულია ჩვენი სამეზობლო, თუ ჩვენი პარტნიორები შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში,” – განაცხადა შარტავამ.
კოალიციის პრეზენტაციაზე “რესპუბლიკური პარტიის” ერთ–ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა აღნიშნა, რომ მომავალი კვირიდან დაიწყება რეგიონებში პარტიის ოფისების გახსნა. აღნიშნული ფაქტი კოალიციის სხვა წევრებმაც დაადასტურეს.
“რეგიონებში ძალიან დიდია მოსახლეობაში მოლოდინი “ქართული ოცნების” საქმიანობასთან შეერთების თვალსაზრისით, ამიტომ უკვე დღევანდელი პრეზენტაციის შემდეგ პროცესები ფორსირებულად და სწრაფად წარიმართება და მთელი საქართველოს თვალსაზრისით, არ უნდა დარჩეს არც ერთი ქუჩა და უბანი, სოფელი, სადაც ქართულ ოცნებას მხარდამჭერები არ ეყოლება. ოფისები უკვე არსებობს ფიზიკურად, რაც შეეხება ოფისების გახსნას, ამას ჩვენ საჯაროდ გავაკეთებთ და ამ პროცესის მხარდამჭერი იქნებიან ჩვენი მხარდამჭერები,” –აღნიშნა ძიძიგურმა.
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” მარტის ბოლოს, აპრილის დასაწყისში დაფუძნდება.