ახალი ამბები

სახალხო დამცველი: “გირჩის” რეკლამა სტერეოტიპული განწყობის გამყარებას უწყობს ხელს

12 ივლისი, 2016 •
სახალხო დამცველი: “გირჩის” რეკლამა სტერეოტიპული განწყობის გამყარებას უწყობს ხელს

საქართველოს სახალხო დამცველი „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის“ წინასაარჩევნო რეკლამას ეხმაურება და მოუწოდებს, მისი შეფასებით, “სტერეოტიპების შემცველი წინასაარჩევნო რეკლამა” ინტერნეტსივრციდან მოხსნას. 

“ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა – გირჩმა” 2016 წლის 10 ივლისს ახალგაზრდების მისამართით წინასაარჩევნო მიმართვა გაავრცელა, სადაც შემდეგი შინაარსის ტექსტს ვისმენთ: “თუ თქვენ მიხვალთ არჩევნებზე და მისცემთ ხმას, მიიღებთ თქვენსას, ხოლო თუ არ მიხვალთ და არ მისცემთ ხმას, მიიღებთ ბებიათქვენისას და ბაბუათქვენისას”. 

სახალხო დამცველის შეფასებით, “რეკლამაში არ არის დაბალანსებული მოსახლეობის ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფის ინტერესები, ამის საპირისპიროდ, ერთგვარი ირონიით არის ხაზგასმული, რომ თუ ქვეყანა ასაკოვანი ამომრჩევლის იმედად დარჩება, ეს არაპროგრესული და განვითარებისთვის ხელის შემშლელი არჩევანი იქნება”.

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ “მსგავსი დამოკიდებულება ხელს უწყობს სტერეოტიპული განწყობის გამყარებას ასაკოვანი ადამიანების მიმართ, რომლებიც, ხშირ შემთხვევებში, ისედაც განიცდიან უთანასწორო მოპყრობას”. სახალხო დამცველის მიერ დღეს, 11 ივლისს, გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ “ასეთი მიდგომა ახალისებს უარყოფით სტერეოტიპებს ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ასაკოვანი ადამიანების მონაწილეობასთან დაკავშირებით და ქმნის საფრთხეს, რომ ისინი მომავალში სხვადასხვა სფეროში დაექვემდებარებიან დისკრიმინაციას ასაკის გამო”.

სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ დაუშვებელია წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში იმ მეთოდების გამოყენება, რომლებიც ახალისებს დისკრიმინაციულ მოპყრობას ცალკეული ჯგუფების მიმართ. სახალხო დამცველი მიმართავს „ახალ პოლიტიკურ ცენტრ – გირჩს“, უზრუნველყოს სტერეოტიპების შემცველი წინასაარჩევნო რეკლამის ინტერნეტსივრციდან მოხსნა.

“გირჩში” სახალხო დამცველის განცხადებას სერიოზულად არ პასუხობენ. მათ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ“უჩა ნანუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით „გირჩის” მმართველი საბჭო საგანგებოდ იკრიბება. 24-საათიან სამუშაო რეჟიმზე გადავიდა გირჩის ყველა ოფისი მთელი ქვეყნის მასშტაბით. საბჭო იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე და 19:00-ზე გაავრცელებს ვიდეომიმართვას”.

“გირჩის” რეკლამას სხვადასხვაგვარი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელ “ფეისბუქზეც”:

მასალების გადაბეჭდვის წესი