ახალი ამბები

რატომ მიიჩნევს “ქართული ოცნება” კონტროლის პალატის განცხადებას უკანონოდ

20 თებერვალი, 2012 •
რატომ მიიჩნევს “ქართული ოცნება”  კონტროლის პალატის განცხადებას უკანონოდ

ქართული ოცნება
ქართული ოცნება

საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული ოცნება” არ აპირებს შეასრულოს კონტროლის პალატის მოწოდება და ფიზიკური პირისგან მიღებული შემოწირულობა უკან დააბრუნოს.   “სახეზე არ არის კანონით დადგენილი შეზღუდვებისთვის გვერდის ავლა, არამედ კანონით ნებადართული მოქმედების შესრულება,” – განაცხადა “ქართული ოცნების” პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ.

“პოლიტიკური გაერთიანების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილების მიხედვით, ფიზიკურ პირს ერთი კალენდარული წლის განმავლობაში შემოწირულობის განხორციელების სახით მხოლოდ რაოდენობრივი შეზღუდვა დაუწესდა. ახალი განაწესის მიხედვით, მონიტორინგის სუბიექტად გამოცხადებულ ან რომელიმე პოლიტიკურ გაერთინებასთან დაკავშირებულ პირს ფიზიკურმა პირმა არ შეიძლება ჯამში 60 ათასს ლარზე მეტი შესწიროს.

საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ხუციშვილი მაღალკვალიფიციური ფინანსისტია. მისი ყოველთვიური ხელფასი სხვადასხვა საწარმოში ჯამში შეადგენს 5 ათასს ლარს, აქვს კანონით გათვალისწინებული სხვა შემოსავლები. მან 2012 წლის 6 თებერვლს კომპანიისგან პრემიის სახით მიიღო 40 ათასი ლარი, რაც ფაქტობრივად მისი რამოდენიმე თვის ხელფასის და არა რამოდენიმე წლის ექვივალენტია, როგორც ამას კონტროლის პალატა ავრცელებს.

მან შემოწირულობის სახით საზოგადოებრივ მოძრაობა “ქართულ ოცნებას” 20 ათასი ლარი შესწირა, რაც მისი კანონიერი უფლებაა. შესაბამისად, კონტროლის პალატის მუქარანარევი განცხადება უკანონოა და წარმოადგენს აკრძალვების დაწესებას უკვე ფიზიკური პირებისთვის. “ქართული ოცნება”  არ აპირებს შეასრულოს მორიგი უკანონო მოწოდება ” – აღნიშნავს ფანჯიკიძე.

ბიძინა ივანიშვილის პარტიის საინიციატივო ჯგუფის წევრი, იურისტი ზაქარია ქუცნაშვილი კი “ნეტგაზეთთან” აღნიშნავს, რომ  კონტროლის პალატა უკვე გაცდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებს.

“კონტროლის პალატა ამჯერად უკვე ცდილობს თავისი მონიტორინგის უფლებამოსილება გაავრცელოს არა მარტო იურიდიულ პირებზე, არამედ ფიზიკურ პირებზე და მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ განცხადებაში, არის ის, რომ “ქართული ოცნება” ამჯერად არ აპირებს შეასრულოს ეს უკანონო მოთხოვნა.

გახსოვთ, როდესაც იურიდიულ პირთან მიმართებაში იყო მოთხოვნა, ჩვენ შევასრულეთ ეს უკანონო მოთხოვნა და გავასაჩივრეთ ის ადმინისტრაციულ ორგანოში. ბეჟაშვილი ახლა ვალდებულია თვის ბოლომდე განიხილოს ეს სარჩელი.  ადმინისტრაციული ორგანო უნდა გაეცნოს ჩვენს არგუმენტებს. ჩვენ მივიჩნევთ, რომ კონტოლის პალატას არ აქვს საქართველოს კონსტიტუციის 97–ე მუხლიდან გამომდინარე უფლებამოსილება, განახორციელოს მონიტორინგი კერძო სუბიექტებზე. მით უმეტეს, თუ ეს კერძო სუბიექტები ხარჯავან კერძო ფულს. აქედანვე უკვე ნათელია, რომ კონტროლის პალატა უკვე გაცდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებს, “– აღნიშნავს ქუცნაშვილი.

ქუცნაშვილი ასევე მიიჩნევს, რომ არავის აქვს უფლება, მოითხოვოს ხელფასის, როგორც  პერსონალური მონაცემების მატარებელი ინფორმაციის გასაჯაროება.

“ასევე, თუ ობიექტურად ვიმსჯელებთ, არავის საქმე არ არის, ადამიანები სახსრებს რა დანიშნულებით გამოიყენებენ. ჩვენ თავს მივეცით უფლება, ეს ინფორმაცია გაგვესაჯაროვებინა მხოლოდ იმის გამო, რომ ბატონ ნუგზარ ხუციშვილს შევუთანხმეთ ამ პერსონალური მონაცემების გამჟღავნება იმიტომ, რომ ხელფასი წარმოადგენს პერსონალური მონაცემების მატარებელ ინფორმციას და არავის აქვს უფლება, მოითხოვოს ამ ინფორმაციის განსაჯაროება,” – აღნიშნავს ქუცნაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი