ახალი ამბები

დეპუტატები სხდომებს აცდენენ, ხელფასი კი არ ექვითებათ

11 ივლისი, 2016 • 1419
დეპუტატები სხდომებს აცდენენ, ხელფასი კი არ ექვითებათ

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ანგარიშის თანახმად,  2015 წელს პარლამენტში  ჩატარდა 65 პლენარული სხდომა, მათ შორის, 19 რიგგარეშე სხდომა. კვორუმის არარსებობის გამო არ შედგა 7 სხდომა. საანგარიშო პერიოდში ჩატარდა პარლამენტის ბიუროს 129  და კომიტეტების 668 სხდომა.

2015 წელს პარლამენტის წევრებმა საპატიო მიზეზით  სხდომა 2199-ჯერ გააცდინეს, ხოლო არასაპატიო მიზეზით ერთზე მეტი სხდომის გაცდენისთვის დეპუტატებისთვის ხელფასის 10%-ის დაკავება არ განხორციელებულა.  გაცდენების მიზეზები შემდეგია:

ავადმყოფობა – 118 გაცდენა; ოჯახური მდგომარეობა – 1442 გაცდენა; სამსახურებრივ მივლინებაში ყოფნა – 337 გაცდენა;  პოლიტიკური მოსაზრება 302 გაცდენა.

პარლამენტმა ვერ შეძლო ცვლილებები შეეტანა პარლამენტის რეგლამენტში, რის  შედეგადაც ოჯახური მდგომარეობა გაცდენის საპატიო მიზეზად აღარ ჩაითვლებოდა. კერძოდ, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მოახდინა შესაბამისი  კანონპროექტის ინიციირება, რომლის განხილვის ეტაპზეც წარდგენილი იქნა ფრაქცია  „თავისუფალი დემოკრატების“ ალტერნატიული წინადადება. კანონპროექტი პირველი მოსმენით იქნა მიღებული პლენარულ სხდომაზე. კანონპროექტი მეორე საკომიტეტო  მოსმენაზე მოიწონა წამყვანმა კომიტეტმა, თუმცა მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე მისი განხილვა აღარ მომხდარა,”- აღნიშნულია კვლევაში.

პარლამენტის ოცი წევრი, რომლებსაც 2015 წელს საპატიო მიზეზით გაცდენილი აქვთ ყველაზე მეტი პლენარული სხდომა

2015 წელს პლენარული სხდომების საპატიო მიზეზით ყველაზე მეტი გაცდენა აქვთ: კობა ნაყოფია – 55 სხდომა; რამაზ ნიკოლაიშვილი – 53 სხდომა, ზაზა კედელაშვილი – 51 სხდომა, ხოლო   არასაპატიო მიზეზით ყველაზე მეტი გაცდენა აქვთ: ზურაბ ჯაფარიძე 10 გაცდენა; ნიკოლოზ ყიფშიძე 10 გაცდენა;  კობა დავითაშვილი 9 გაცდენა.

 2015 წელს პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენების რაოდენობა

ამავე მონაცემებით,  საკომიტეტო სხდომების არასაპატიო მიზეზით ყველაზე მეტი გაცდენა აქვთ:  ნუგზარ წიკლაური 73 გაცდენა;  მარიამ საჯაია 69; ლეჟავა პაატა – 62;  ღვინიაშვილი გიორგი -62.

2015 წელს კომიტეტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენების რაოდენობა

ხოლო საპატიო მიზეზით  ყველაზე მეტი გაცდენა აქვთ: ლევან ბეჟაშვილი – 70 სხდომა; ზურაბ ჯაფარიძე – 52 სხდომა; აზერ სულეიმანოვი – 45 სხდომა.

პარლამენტის ოცი წევრი, რომელთაც 2015 წელს საპატიო მიზეზით გაცდენილი აქვთ ყველაზე მეტი კომიტეტის სხდომა

მასალების გადაბეჭდვის წესი