სომხურენოვანი გამოცემის news.am– ის ინფორმაციით, თბილისში, სოლოლაკში მდებარე სომეხი მწერლის ოვანეს თუმანიანის სახლ-მუზეუმი 145 ათას აშშ დოლარად იყიდება.
სახლ-მუზეუმის ყიდვასთან დაკავშირებული გარიგება თბილისში 22 თებერვალს შედგება. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას სომხურენოვან გამოცემასთან სომხეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე ლევონ ანანიანი ავრცელებს, რომელიც სომხეთის დელეგაციასთან ერთად ამჟამად საქართველოში იმყოფება.
ანიანის თქმით, 122 კვადრატული მეტრი ფართობის სახლ-მუზეუმის ამჟამინდელმა მფლობელმა, არჩილ ლეჟავამ სახლ-მუზეუმი 145 ათას აშშ დოლარად შეაფასა.
სომხეთის მიერ სახლ-მუზეუმის ყიდვის საკითხი მაშინ გადაწყდა, როდესაც სომხეთის მწერალთა კავშირში სომხეთის ქალაქ გიუმრის მერის, ვარდან ჰუსაკიანის წერილი შევიდა, რომელშიც მან მზადყოფნა გამოთქვა, აღნიშნული სახლი თბილისში შეეძინა და შემდეგ ადგილობრივ სომეხთა სათვისტომოსთვის უსასყიდლოდ გადაეცა.
სომხურმა მხარემ სომეხი მწერლის სახლ-მუზეუმთან დაკავშირებით შეშფოთება მას შემდეგ გამოხატა, რაც ცნობილი გახდა სახლის ახალი მფლობელის, ქართულ–თურქული კომპანია “გეო–ტურანის” შესახებ.
შენობის ახალმა მფლობელმა, ქართულ–თურქული კომპანია “გეო–ტურანის” ხელმძღვანელობამ, “ნეტგაზეთთან” საუბარში დაადასტურა, რომ მათ აღნიშნული ფართი შეიძინეს კერძო პირისგან: “ სხვა კომპანიის სახელით ვყიდულობთ ამ ფართს. პარტნიორების გადაწყვეტილებაა ასეთი. იქ მალე დაიწყება სარემონტო სამუშაოები”.
ამის შემდეგ სომხური მედიით ირკვევა, რომ სომხეთის კულტურის სამინისტროს დელეგაცია საქართველოში გამოემგზავრა, სადაც მხარეებს შორის შედგა მოლაპარაკება, რომლის დროს აღნიშნულმა კომპანიამ გამოთქვა მზადყოფნა, თუმანიანის სახლ-მუზეუმი იმავე უბანში ამავე ღირებულების სახლზე გადაეცვალა.