საქართველოს პარლამენტის ახალ შენობაში ჟურნალისტებს სასესიო და საკომიტეტო დარბაზებში კამერებით მუშაობის საშუალება ექნებათ, ოღონდ, შტატივებით ვერ იმოძრავებენ. ამის შესახებ კოალიციას ”მედიის ადვოკატირებისათვის” საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა დღეს, 17 თებერვალს, განუცხადეს.
”კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის” წარმომადგენლები მიხეილ მაჭავარიანსა და ხათუნა გოგორიშვილს პარლამენტის ახალ შენობაში ჟურნალისტების სამუშაო პირობების გასარკვევად პარლამენტში შეხვდნენ. როგორც კოალიციის წარმომადგენელმა, თამარ კორძაიამ ”ნეტგაზეთს” განუცხადა, შეზღუდვები შეეხებათ მხოლოდ შტატივთან ერთად გადაადგილებისას. ჟურნალისტებსა და ოპერატორებს პარლამენტის ნებისმიერ ადგილში შეეძლებათ მხოლოდ კამერით ყოფნა და მუშაობა. შესაბამის ბრძანებას პარლამენტის თავმჯდომარე გამოსცემს.
თამარ კორძაიას თქმით, უმრავლესობის წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ სატელევიზო ეთერის გარდა, პარლამენტის სხდომების პირდაპირი ტრანსლირება დაიწყება ინტერნეტის საშუალებითაც და ამ ყველაფერს ტექნიკურად საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი უზრუნველყოფს.
რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ცნობა , რომ ქუთაისში, პარლამენტის ახალ შენობაში, სასესიო და საკომიტეტო დარბაზებში ჟურნალისტები კამერებით ვერ იმუშავებდნენ. პარლამენტის ახალი შენობის გახსნა ქუთაისში 2012 წლის მაისში იგეგმება.
ამავე თემაზე: