ახალი ამბები

მოსწავლეთა ნაწილისთვის შეჩერებული სასწავლო პროცესი

17 თებერვალი, 2012 • 1273
მოსწავლეთა ნაწილისთვის შეჩერებული სასწავლო პროცესი

თბილისის 193-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ბოლო ერთი კვირაა სასწავლო პროცესი ჩაშლილია.

თბილისის 193-ე საჯარო სკოლაში მიმდინარე კვირის ორშაბათს მისულ მოსწავლეებს სკოლა დაკეტილი დახვდათ.

მოსწავლეების მშობლების თქმით, სკოლის დირექციაში განუცხადეს, რომ მათი შვილების საბუთები 203-ე სკოლაშია უკვე წაღებული და სწავლის გაგრძელება იქ შეეძლებათ.

193-ე საჯარო სკოლაში ლოგოპედიური პრობლემების მქონე, დაახლოებით, 150 მოსწავლე ირიცხებოდა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 3 თებერვლის  ბრძანებას ლოგოპედიური პრობლემების მქონე ბავშვების 203-ე საჯარო სკოლაში გადასვლასთან დაკავშირებით, რომელიც სმენადაქვეითებულთათვის არის განკუთვნილი, 193-ე სკოლის მოსწავლეთა მშობლები პროტესტით შეხვდნენ.

დღეს მათი 203-ე სკოლაში გადაყვანის საკითხი აღარ დგას.

დღეს დილიდანვე თბილისის მესამოცეე საჯარო სკოლის ერთ-ერთ კაბინეტთან 193-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და მშობლების რიგია.

თბილისის მესამოცეე საჯარო სკოლაში სპეციალური კომისია შეიქმნა, სადაც 193-ე სკოლის მოსწავლეები და მშობლები რამდენიმეწუთიან ინდივიდუალურ გასაუბრებას გადიან.

მას შემდეგ, რაც სპეციალური კომისია მშობლისგან ბავშვის საჭიროებების შესახებ ინფორმაციას მოისმენს, ამ საჭიროებებიდან გამომდინარე, მშობელს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეთა რამდენიმე სკოლას სთავაზობს.

კაბინეტიდან მშობლები ფურცელზე დაწერილი სკოლის მისამართებით გამოდიან. თითოეული სკოლის გვერდით წერია: „სკოლას არ ჰყავს ლოგოპედი“, ან „სკოლას ჯერ არ ჰყავს ლოგოპედი.“

მშობლებს უახლოეს დღეებში არჩევანის გაკეთება მოუწევთ.

„ჩემს შვილს ცერებრალური დამბლის საფუძველზე მეტყველების პრობლემა ჰქონდა, თუმცა 193-ე სკოლაში, სადაც მეექვსე წელია დადიოდა, იმდენად პროფესიონალი ლოგოპედები მუშაობდნენ, რომ დღეს უკვე ძალიან კარგი შედეგი აქვს. იქამდე ინკლუზიური სწავლებაც ვცადეთ, მაგრამ არაფერი გამოვიდა. კლასში 30 მოსწავლე იყო, ჩემს შვილს კი ძალიან უჭირდა მათთან სწავლა და სულ ჩამორჩა პროგრამას,“-ამბობს მშობელი.

მის მსგავსად სხვა მოსწავლეთა მშობლებიც ღელავენ შვილების გამო.

„ძალიან ვნერვიულობ, თუ სხვა სკოლას ვერ შეეჩვია და ისევ პრობლემები დაგვეწყო. თვითონაც შეშინებულია, დაუნის სინდრომი აქვს, მესამე კლასშია. ამ სკოლაში კარგად გრძობდა თავს, შეჩვეული იყო კლასელებს, სკოლის პროგრამაც კარგად ჰქონდა ათვისებული,“-ამბობს მშობელი.

ყველა მათგანი ამბობს, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი იყო.

„შოკი იყო ჩვენთვის, წარმოიდგინეთ, მივედით ერთ დღეს და ვიგებთ, რომ სკოლა აღარ არსებობს. რამდენიმე ხნით ადრე მაინც რომ ეთქვათ, შევეგუებოდით და ჩვენ თვითონ მოვძებნიდით შესაბამის სკოლას. ახლა, ამ სიჩქარეში, როგორ უნდა შევარჩიოთ ჩვენთვის საჭირო სკოლა, არ ვიცი. ისედაც ბევრ დროს ვკარგავთ. ერთი კვირაა, ბავშვები სასწავლო პროცესს ჩამორჩნენ,“-ამბობს ერთ-ერთი მშობელი.

193-ე საჯარო სკოლის ყოფილი შენობა ამჟამად დაკეტილია. ოფიციალურად არაფერია ცნობილი იმის შესახებ, ჰყავს თუ არა შენობას ახალი მფლობელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი