ახალი ამბები

რჩეულიშვილების თქმით, კომპანიის თანამშრომლების დაკავება პოლიტიკურადაა მოტივირებული

10 ივლისი, 2016 • 1723
რჩეულიშვილების თქმით, კომპანიის თანამშრომლების დაკავება პოლიტიკურადაა მოტივირებული

ვახტანგ და მაია რჩეულიშვილების განცხადებით, მათი კომპანიის, “ცენტრ-პოინტის” საინტვესტიციო პროექტის შპს “ცენტრ-პოინტი აჭარას” ხელმძღვანელისა და მენეჯერის დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა. ვახტან რჩეულიშვილის განცხადებით, სავარაუდოდ, საქმე ეხება ბათუმში “მაგნოლიას” კომპლექსის მშენებლობას.

“ძალიან ეშლებათ, თუ პოლიტიკური ოპონენტების გაჩერებას ცდილობენ პოლიტიკური ნიშნით,” – აცხადებს ვახტანგ რჩეულიშვილი.

მაია რჩეულიშვილი ასევე არ გამორიცხავს, რომ შეიძლება საქმესთან კავშირი ჰქონდეს ყოფილ მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს.

“სისხლის სამართლის საქმე რუსუდანზე [კერვალიშვილი] აღძრა მაშინდელმა  მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა, რომელიც არის ჩემი პარტნიორი თბილისში ერთ-ერთ მშენებლობაში, თავისუფლების მოედანზე. ამიტომ, როგორც პარტნიორს, საქმე არ უნდა აღეძრა. ვთვლი, რომ საქმე თავიდან ბოლომდე არის პოლიტიკური. აჩიკო კბილაშვილი ჩააყენეს იმ მდგომარეობაში, რომ უთხრეს – უნდა გააკეთო ასე. ვინ უთხრა და როგორ უთხრა, ალბათ, უთხრა თავისმა უფროსმა,” – აცხადებს მაია რჩეულიშვილი.

ასევე, ოჯახის ინფორმაციით, სამართალდამცავები დღეს თბილისში, ჩიტაძის ქუჩაზე იმყოფებოდნენ, სადაც მათი შვილი, “ცენტრ პოინტის” ყოფილი დირექტორი გუკა რჩეულიშვილი ცხოვრობს. მათი თქმით, ისინი მის დაკავებას აპირებდნენ, თუმცა რჩეულიშვილი პროკურატურას სახლში არ დახვდა.

ამჟამად თბილისის პროკურატურაში დაკავებულებს, ირაკლი მინდელსა და სალომე ჩარკვიანს კითხავენ. უწყება დაკავების დეტალებზე ინფორმაციას ამ დრომდე არ ავრცელებს. პროკურატურაში არც იმას ადასტურებენ, იგეგმებოდა თუ არა დღეს გუკა რჩეულიშვილის დაკავება.

კომპანიის ადვოკატი, მამუკა ჭაბაშვილი “რუსთავი 2”-თან საუბარში აცხადებს, რომ  საგამოძიებო სტრუქტურებთან ისინი აქტიურად თანამშრომლობენ, ამიტომ გაუგებარია, რის საფუძველზე გასცა სანქცია სასამართლო უწყებამ და რატომ დაიბარეს დაკავებულები დაკითხვაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი