არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალი თაობა – ახალი ინიციატივა” დროებით უარს ამბობს საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნების ვადებთან დაკავშირებით სარჩელის შეტანაზე. ორგანიზაციის ხელმძღვანელი მიხეილ დევდარიანი აზუსტებს, რომ საზოგადოება მოუმზადებელი შეხვდა მათ ინიციატივას, რის გამოც ისინი აღარ აპირებენ ვნებათაღელვის გამწვავებას წინასაარჩევნო პერიოდში:
“თუმცა არჩევნების შემდეგ ჩვენ მივმართავთ პარლამენტს იგივე მოთხოვნით, ხოლო თუ პარლამენტი არ დააკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნას, შემდეგ – საკონსტიტუციო სასამართლოს”.
დევდარიანის თქმით, მოქმედ პარლამენტს 7 ივნისს ეწურება ვადა, რის შემდეგაც მისი ფუნქციონირება არაკონსტიტუციური იქნება:
“ძალიან არამდგრადი არგუმენტები მოვისმინე გუშინ, თუ რატომ არის ვადის გახანგრძლივება კონსტიტუციური, მაგრამ, როგორც ჩანს, ყველას, ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც აწყობს, რომ არჩევნები ჩატარდეს ოქტომბერში,” – აცხადებს მიხეილ დევდარიანი.
არასამთავრობო ორგანიზაციამ “ახალი თაობა – ახალი ინიციატივა” გუშინ გაახმიანა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სარჩელის შეტანას აპირებდნენ საპარლამენტო არჩევნების მაისში ჩატარების მოთხოვნით, რასაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან ერთსულოვანი გამოხმაურება მოჰყვა იმის თაობაზე, რომ არჩევნები, კანონის შესაბამისად, ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. გუშინვე იურისტებმა განმარტეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციას არ ჰქონდა არჩევნების საკითხზე სარჩელის შეტანის უფლება საკონსტიტუციო სასამართლოში, რაზეც მიხეილ დევდარიანი ასე პასუხობს:
“ჩვენ ეს ინიციატივა გავახმიანეთ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციამ, თორემ ისე შევიტანდი, როგორც ფიზიკური პირი, ან პირთა ჯგუფი, რომელთა კონსტიტუციური უფლება შეილახა, ეს ტექნიკური საკითხია”.
გუშინვე ოპოზუციის ნაწილმა განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ “ახალი თაობა – ახალი ინიციატივა” ხელისუფლების ზრახვები გაახმიანა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ, რადგან აღნიშნული ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი კოკი იონათამიშვილი ხელისუფლების წარმომადგენელია, კერძოდ, თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი.
“ხელისუფლების ინტერესი რა იყო მაგაში? ძალიან აბსურდული ბრალდებაა ეგ. ამ სარჩელით ეს ყველაზე ნაკლებად შეეხებოდა ამ არჩევნებს, რადგან ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ მაისამდე ტექნიკურად მოესწრებოდა ამ საკითხის მოგვარება, კიდეც რომ განეხილა დაჩქარებულ ვადებში საკონსტიტუციო სასამართლოს ჩვენი სარჩელი”, – აცხადებს მიხეილ დევდარიანი.
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, საპარლამენტო არჩევნები 2012 წლის ოქტომბერში უნდა გაიმართოს, თუმცა მიხეილ დევდარიანს მიაჩნია, რომ ამით კონსტიტუციით დადგენილი ვადები ირღვევა, კერძოდ, არჩევნების შემოდგომაზე ჩატარების შემთხვევაში, მოქმედ პარლამენტს მუშაობის ვადა 4 წლის ნაცვლად 4 წელი და 6 თვე გამოსდის.
ვადები ირღვევა საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაშიც. კერძოდ, დევდარიანის თქმით, სახელმწიფოს სათავეში პრეზიდენტის ყოფნის ვადა 5 წლით არის განსაზღვრული, თუმცა, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებით, მოქმედ პრეზიდენტს პოსტზე ყოფნა 5 წლით და 10 თვით უწევს.
ამავე თემაზე:
“არასამთავრობოს არ შეუძლია, არჩევნებზე სარჩელით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს”
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს