ახალი ამბები

ზაზა გაბუნია: “მერიის პრესსპიკერმა იცრუა”

17 თებერვალი, 2012 •
ზაზა გაბუნია: “მერიის პრესსპიკერმა იცრუა”

დღეს “ქრისტიან–დემოკრატიული” პარტიის წევრმა ზაზა გაბუნიამ პრემიერ–მინისტრის სახელზე კანცელარიაში განცხადება დატოვა და სპეციალური მიმართვა გააკეთა.

განცხადება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებს შეეხება. ზაზა გაბუნიას განცხადებით, რიგი საკითხები, რაც ამ ხალხს უკავშირდება, ჯერ კიდევ ღიად რჩება:

“ჩვენ მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო ამას არ უნდა მიუდგეს რომელიმე დეპარტამენტის თუ ქვეგანყოფილების დონეზე და აუცილებელია, მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელის ან მთავრობის ხელმძღვანელთან არსებული საბჭო შეიქმნას. ამ საბჭომ უნდა უზრუნველყოს ყველა ადგილობრივი თუ საერთაშორისო სტანდარტის დაცვა. დედაქალაქში 10 000–მდე ადამიანია ისეთი, ვინც ეტლით სარგებლობს და ისინი უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებენ ხელისუფლების მხრიდან. მათ უნდა ჰქონდეთ სარეაბილიტაციო პროგრამებზე ხელმისაწვდომობა, უნდა მოხდეს როგორც ავტობუსების, ასევე მეტროპოლიტენის ადაპტირება მათთვის, აუცილებელია უფრო ხელსაყრელი სოციალური ინფრასტრუქტურის შექმნა”, – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, პანდუსები ქალაქის მხოლოდ ორ გამზირზეა გაკეთებული და ისიც უხარისხოდ, რადგან შეზღუდული შესაძლებლობების მქონენი ამ პანდუსებს ვერ იყენებენ:

“მერიის პრესსპიკერმა იცრუა, რადგან პანდუსები არა მთელ ქალაქში, არამედ ორ გამზირზე, თამარაშვილის და ყაზბეგის გამზირებზეა გაკეთებული. ისიც გამოუყენებელია. საჩვენებლად თუ გააკეთეს, არ ვიცი, მაგრამ ჩვენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებთან ვურთიერთობთ და ისინი ამ პანდუსებს ვერ იყენებენ. მათი მხრიდან ლაპარაკი იმაზე, რომ ისინი ელოდებიან რაღაც დასკვნებს და ამის შემდეგ მიუყენებენ პანდუსებს ამა თუ იმ შენობას, არასერიოზულია. პანდუსის დაყენებას არ სჭირდება განსაკუთრებული არქიტექტორი და კვლევა და დასკვნა, ამის გაკეთება ძალიან ადვილია. ჩვენ ლაპარაკი გვაქვს ელემენტარულად გადაადგილების უფლებაზე, სახელმწიფომ უნდა შეუქმნას ამ ადამიანებს პირობები, რომ გადაადგილდნენ.”

ზაზა გაბუნიას თქმით, ისინი პასუხს დაელოდებიან და იმედოვნებენ, რომ ამ საკითხზე რეაგირება მალე მოხდება.

ამავე თემაზე:

რამდენად ადაპტირებულია შშმპ-ებისთვის რეაბილიტირებული უბნების ინფრასტრუქტურა

მასალების გადაბეჭდვის წესი