ახალი ამბები

9 ივლისს “ქართუ” ფონდი შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზს სახელმწიფოს გადასცემს

8 ივლისი, 2016 • 1370
9 ივლისს “ქართუ” ფონდი შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზს სახელმწიფოს გადასცემს

საქართველოს მთავრობის ცნობით, ხვალ, 9 ივლისს, შეკვეთილში ფონდი “ქართუ” საქართველოს მთავრობას საკონცერტო დარბაზს – Black Sea Arena, სახელმწიფოს გადასცემს.

შეთანხმებას ფონდის „ქართუ” ხელმძღვანელი ნიკოლოზ ჩხეტიანი და საქართველოს პირველი ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ხელს მოაწერენ.

მთავრობის ცნობით, საკონცერტო დარბაზი 10 000 მაყურებელზეა გათვლილი და ადაპტირებულია შშმ პირთათვის. მშენებლობაში ფონდმა „ქართუმ“ 200 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

დარბაზის პროექტირებაზე გერმანულმა კომპანია Drei Architekten-მა იმუშავა. მშენებლობაზე დასაქმებულია 600-ზე მეტი ადამიანი. მშენებლობის დასრულების შემდეგ, BLACK SEA ARENA-ს ოპერირების უზრუნველსაყოფად, 100-მდე ადამიანი დასაქმდება, ხოლო კონცერტების პერიოდში დასაქმებულთა რიცხვი 200-მდე გაიზრდება, აცხადებს საქართველოს მთავრობა.

მთავრობის ცნობით, არენის სივრცე  ნებისმიერი მუსიკალური მიმდინარეობის კონცერტების, ასევე სპორტული ღონისძიებების, თეატრალური თუ საცირკო წარმოდგენების გამართვისთვის შესაძლებლობას იძლევა.

ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ფონდ „ქართუს“ წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები, მუსიკალური პროდიუსერები/რეჟისორები, ტურისტული კომპანიებისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი