ახალი ამბები

თბილისის მერია ავტობუსების შესაძენად 27მლნ ევროს აიღებს სესხად

8 ივლისი, 2016 • 1631
თბილისის მერია ავტობუსების შესაძენად 27მლნ ევროს აიღებს სესხად

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 8 ივლისს საკრებულოს სხდომაზე მხარი დაუჭირა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის თბილისის ავტობუსების პროექტთან დაკავშირებით გასაფორმებელი თანხის გადაცემის ხელშეკრულების ფარგლებში გრანტის მიღებას.

თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ლექვინაძე განმარტავს, რომ სესხების ხელშეკრულება ფორმდება ფინანსთა სამინისტროსა და თბილისის მუნიციპალიტეტს შორის. სესხის მოცულობაა 27 მლნ ევრო, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გამოყოფილი მიზნობრივი დაფინანსებაა. თანხა უნდა მოხმარდეს თბილისში ახალი ავტობუსების შეძენას.

“დაახლოებით 1 წელზე მეტია აქტიური სამუშაოები მიდის დონორ ორგანიზაციებთან თბილისში ავტობუსების განახლებასთან დაკავშირებით. დეკემბერში მიღწეული იქნა შეთანხმება EBRD-თან, განხორციელდა სატენდერო პროცედურები. მაისის თვეში მოხდა ფინანსთა სამინისტროსა და EBRD-ს შორის სასესხო ხელშეკრულების გაფორმება. შემდეგ მოხდა ამ სესხის რატიფიცირება საქართველოს პარლამენტის მიერ, რადგანაც ამ სესხით უნდა განხორციელდეს თბილისის მუნიციპალიტეტში ახალი ავტობუსების შეძენა. სწორედ ამ მიზნით მოხდა სასესხო ხელშეკრულების გაფორმება ფინანსთა სამინისტროსა და თბილისის მუნიციპალიტეტს შორის”, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ 8 ივლისს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის მიმდინარეობისას.

ირაკლი ლექვინაძის თქმით, თბილისში ახალი ავტობუსების შეძენისთვის, ჯამში, დაახლოებით 34 მლნ ევროა განსაზღვრული. “ახალი ავტობუსების შეძენასთან დაკავშირებით ყველა სამუშაო პროცესი დასრულებულია”, – თქვა ლექვინაძემ. 

ლექვინაძის განცხადებით, ახალ ავტობუსებს დაახლოებით სექტემბრის ბოლოდან შემოიყვანენ თბილისში: “ახალი ავტობუსები იქნება ევროპული, ადაპტირებული [შეზღუდული შესაძლებლობების მქონდე პირებისათვის]. იქნება დაახლოებით 150 ერთეული. დაახლოებით სექტემბრის ბოლოდან დაიწყება განრიგის მიხედვით ახალი ავტობუსების შემოყვანა”.

მერის მოადგილე ამბობს, რომ მერია “დაახლოებით სამშაბათს” გამოაცხადებს, თუ ვინ იქნება თბილისში ახალი ავტობუსების მომწოდებელი.

საკრებულოს წევრმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, ირაკლი აბესაძემ საკრებულოს 8 ივლისის სხდომაზე მოითხოვა განმარტება მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც, აბესაძის თქმით, აღნიშნულ პროექტში “დაფიქსირებულია მრავალი დარღვევა”.

თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ლექვინაძე. 08.07.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ 12 მეტრის სიგრძის ახალი ავტობუსები “ევროპული” და შშმ პირებისათვის ადაპტირებული იქნება. 08.07.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

“აუდიტის დასკვნის ჯერჯერობით მხოლოდ შუალედური პროექტი არსებობს, სადაც გარკვეული შენიშვნებია ჩამოყალიბებული სატრანსპორტო კომპანიაში მენეჯმენტის მუშაობასთან დაკავშირებით. გაკეთდება გარკვეული განმარტებები ამ შენიშვნებთან დაკავშირებით და ამის შემდეგ იქნება აუდიტის დასკვნის საბოლოო პროექტი… თუ იქნება ისეთი ტიპის დარღვევები, რომელიც იქნება სისხლის სამართლის დანაშაულის მატარებელი, ბუნებრივია, რეაგირება იქნება ადეკვატური, თუმცა, მთლიანობაში, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს არის შუალედური დასკვნა, რომელზეც განმარტებებს საზოგადოება იხილავს”, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

მისი ინფორმაციით, ამჟამად თბილისის სხვადასხვა უბანში ავტობუსების 700 გაჩერების მონტაჟი მიმდინარეობს. “ჩვენ გვყავს გამარჯვებული კერძო კომპანია, რომელსაც აღებული აქვს ვალდებულება, დაახლოებით 4 თვის პერიოდში 700 ახალი ავტობუსის გაჩერება მოაწყოს თბილისში”, – განაცხადა ლექვინაძემ. მერის მოადგილის თქმით, მთლიანობაში საჭიროა ავტობუსების დაახლეობით 1500 გაჩერება. “აღნიშნული 700 გაჩერების მოწყობის შემდეგ ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, გაჩერებების მონტაჟი განხორციელდება ადგილობრივი რესურსით, თუ მსგავსი ტიპის კონკურსი გამოცხადდება”, – დასძენს ლექვინაძე.

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისათვის სესხის აღებაზე თანხომა დღეს საკრებულოში 27-მა წევრმა განაცხადა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის თბილისის ავტობუსების პროექტთან დაკავშირებით გასაფორმებელი თანხის გადაცემის ხელშეკრულების ფარგლებში გრანტის მიღებას – 29 წევრმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი