ახალი ამბები

“ავტომობილით დედამიწის გარშემო” მცხეთა-მთიანეთის თვითმმართველობის დახარჯული საწვავით

8 ივლისი, 2016 • 1620
“ავტომობილით დედამიწის გარშემო” მცხეთა-მთიანეთის თვითმმართველობის დახარჯული საწვავით

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” აცხადებს, რომ მცხეთა-მთიანეთის მხარეში ადმინისტრაციული უწყებები მოხმარებული საწვავის მიზნობრიობას არ აღრიცხავენ და უცნობი რჩება, როგორ იხარჯება ტონობით საწვავი.

საიამ მცხეთა-მთიანეთის მხარის მუნიციპალიტეტებიდან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა, რომლის მიხედვითაც, 2015 წლის განმავლობაში 264 801 ლიტრი საწვავი მოიხმარეს, რომელთა შორის 200 000 ლიტრი ბენზინია.

საია ცხადებს, რომ მცხეთის, თიანეთის, დუშეთის მუნიცპალიტეტებიდან და ქალაქ მცხეთის მერიისგან და გუბერნატორ-რწმუნებულის ადმინისტრაციისგან მიიღო ინფორმაცია, ხოლო ყაზბეგის მუნიციპალიტეტმა მათ ინფორმაცია არ მიაწოდა.

აღნიშნული ინფორმაციის შესახებ პრეზენტაცია სახელწოდებით, “ავტომობილით დედამიწის გარშემო” დღეს, 8 ივლისს გამართა.

ორგანიზაციის ცნობით, ყველაზე მეტი საწვავი მოიხმარა დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და გამგეობამ – 62 126 ლიტრი (24%), მცხეთის მუნიციპალიტეტში – 58 935 ლიტრი (23%), თიანეთის მუნიციპალიტეტში – 52 520 ლიტრი (20%), ქალაქი მცხეთაში – 45 705 (17%), გუბერნატორ-რწმუნებულის ადმინისტრაციამ- 41 370 ლიტრი (16%).

საიას ცნობით, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბალანსზე 11 ავტომობილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის ბალანსზე – 10, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბალანსზე – 12, რწმუნებულის ადმინისტრაციის ბალანსზე 13 ავტომობილია.

“პრობლემა ის კი არაა, ამ ავტომობილებმა ეს კონკრეტული ტონა ბენზინი დახარჯეს თუ არა, არამედ ის, რომ ბალანსზე რიცხული ავტომობილების მიერ დახარჯული საწვავი და წლის განმავლობაში ჯამურად გახარჯული საწვავი განსხვავებულია”, – ამბობს საიას იურისტი სულხან სალაძე.

საიას ცნობით, დუშეთის მუნიციპალიტეტმა სულ მოიხმარა 62 126 ლიტრი საწავავი, მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხულმა ავოტომობილებმა – 24 811 ლიტრი, რაც მთლიანად მოხმარებული საწვავის 40%-მდეა.

მცხეთის მუნიციპალიტეტში კი ათმა ავტომობილმა 17 479 ლიტრი საწვავი მოიხმარა, მაშინ, როცა მთლიანად მუნიციპალიტეტის გამგეობამ და საკრებულომ 58 605 ლიტრი საწვავი დახარჯა, რაც სამჯერ მეტია ბალანსზე რიცხული ავტომობილების მიერ მოხმარებული საწვავის ოდენობაზე.

გუბერნიის ბალანსზე რიცხულმა ავტომობილებმა მოიხმარა 19 770 ლიტრი საწვავი, ხოლო მთლიანად რწმუნებულის ადმინისტრაციამ მოიხმარა ორჯერ მეტი – 41 360 ლიტრი საწვავი.

“ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს საწვავი სადღაც დაიკარგა და გაქრა, შეიძლება ნაწილი საწვავის ტალონებით გაიცემოდა თვითმმართველობებში არსებულ რწმუნებულებზე, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ სრული არაღრიცხვის პირობებში ალბათობა იმისა, რომ საწვავის დიდი ნაწილი არარაციონალურად იხარჯებოდეს, არის ძალიან დიდი”, – ამბობს სალაძე.

საიამ საწვავის მოხმარებაში “ჩემპიონებიც” გამოავლინა. მათი ინფორმაციით, ერთ-ერთი “ჩემპიონი” საწვავის მოხმარებაში დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელია, რომელსაც აქვს VOLVO S80. 2015 წლის განმავლობაში მან 7 174 ლიტრი ბენზინი მოიხმარა.

სულხან სალაძე ამბობს, რომ გამგებელს არ აქვს მითითებული გავლილი მანძილი. იმის მიხედვით, რომ ავტომობილი საშუალოდ ერთ კილომეტრზე 10.1 ლიტრ საწვავს მოიხმარს, წლის განმავლობაში 71 ათასი კილომეტრი უნდა გაევლო.

სულხან სალაძის განმარტებით, გამგებელმა იმდენი ბენზინი დახარჯა, რომ დედამიწას ორჯერ გარს შემოუვლიდა, ხოლო მთვარემდე ამ ტემპით 5 წელში ჩავიდოდა.

სალაძის თქმით, ეს მონაცემები ნიშნავს იმას, რომ გამგებელი ყოველდღე, 365 დღის განმავლობაში, საშუალოდ, სულ მცირე 200 კილომეტრს უნდა გადიოდეს. თუ ამას გამოვაკლებთ უქმე დღეებს, შვებულებასა და კანონმდებლობით დადგენილ დასვენების დღეებს, გამოდის, რომ დღეში საშუალოდ 317 კილომეტრს გადის.

“ყოველდღე ამ მანძლის გავლა აჩენს კითხვას, მაშინ სამსახურში ვინ არის და ვინ აკეთებს კონკრეტული ტიპის საქმეს?”, – ამბობს სულხან სალაძე.

ამავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, რომელსაც HONDA CR-V ემსახურება, 2015 წელს 6 775 ლიტრი ბენზინი მოიხმარა. არც მას აღურიცხავს გავლილი მანძილი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ავტომობილის საშუალო წვა 10 ლიტრია ერთ კილომეტრზე, საია-ს ვარაუდით, 67 750 კილომეტრი უნდა გაევლო. ის დედამიწას გარს ორჯერ შემოუვლიდა.

გუბერნატორ-რწმუმებულის მანქანამ წელიწადში 45 377 კილომეტრი გაიარა, ხოლო საშუალო წვის გათვალისწინებითა და დახარჯული საწვავის შეფარდების მიხედვით ეს მანძილი 75 652 კილომეტრი გამოდის.

გუბერნატორის მოადგილის ავტომობილმა Hyundai IX35-მა კი ერთი წლის მანძილზე 5 077 ლიტრი ბენზინი მოიხმარა, კილომეტრაჟი – 42 754. საშუალო გამოთვლით, ეს მანძილი უნდა იყოს 59 7 20 კილომეტრი.

სულხან სალაძი განმარტებით, ეს სურათი ქმნის იმის ალბათობას, რომ მართლა ამ მოცულობის საწვავი დახარჯა გუბერნატორმა, თუმცა ყველა საწვავი იმ მანქანაში არ ჩაუსხამს, რომლითაც ის გადადგილდებოდა.

საიას დუშეთის ოფისის ხელმძრვანელი სერგო ისაშვილი ამბობს, რომ არის შემთხვევები, როდესაც საწვავი გამოყოფილი არის სამსახურის ხელმძღვანელებისთვის, რომლებსაც საერთოდ არ აქვთ ავტომობილი არც პირად სარგებლობაში და არც სამსახურში გამოყოფილი.

ისაშვილი ამბობს, რომ საკუთარ მანქანაშიც რომ ჩაასხან, ესეც პრობლემაა, რადგან ავტომობილი კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაში უნდა იყოს ამ მუნიციპალიტეტთან, რათა შესაძლებელი იყოს გააკონტროლონ, სამსახურეობრივი დანიშნულებით დახარჯა, თუ პირადი ინტერესებისთვის მოიხმარა ამ პირმა საწვავი.

სულხან სალაძის თქმით, გამოწვევა ისაა, რომ თვითმმართველობები არარაციონალურად აღრიცხავენ მოხმარებულ საწვავს, ასევე დაბალია კონტროლი, რაც აჩენს იმის წინაპირობას, რომ რთულია მონიტორინგი იმისა, სინამდვილეში როგორ ხდება საწვავის გამოყენება, ხოლო დიდია ალბათობა, რომ საწვავს გამოიყენებენ არასამსახურეობრივი მიზნებისთვის.

სალაძე საუბრობს იმაზე, რომ 2015 წლის 1 იანვარს გუბერნატორ-რწმუნებულის მანქანის სპიდომეტრის მაჩვენებლი იყო ექვსნიშნა რიცხვი, წლის ბოლოს ეს მაჩვენებლი ხუთნიშნა რიცხვი გახდა, რაც ალოგიკურია, რადგან პირიქით უნდა გაზრდილიყო.

სალაძე არ გამორიცხავს, რომ ეს ინფორმაცია აუდიტის სამსახურსა და სხვა უწყებებს მიაწოდოს, რადგან რა ტიპის დარღვევა ფიქსირდება, ეს აუდიტის სამსახურის გასარკვევია.

მასალების გადაბეჭდვის წესი