ახალი ამბები

რამდენად ადაპტირებულია შშმპ-ებისთვის რეაბილიტირებული უბნების ინფრასტრუქტურა

15 თებერვალი, 2012 • 1850
რამდენად ადაპტირებულია შშმპ-ებისთვის რეაბილიტირებული უბნების ინფრასტრუქტურა

“ქრისტიან–დემოკრატიული პარტიის” წევრმა, ზაზა გაბუნიამ, დღეს სპეციალური განცხადება გააკეთა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის შენობების, ქუჩების, ტრანსპორტისა და ხიდების ადაპტირებას ეხება.ზაზა გაბუნიას თქმით, ეს საკითხი მთელ ქალაქში პრობლემურია, მაგრამ პრობლემა ახლადრეაბილიტირებულ ქუჩებზე, მათ შორის, აღმაშენებლის გამზირზეც კი არ არის გათვალისწინებული:

“ახლადრეაბილიტირებულ აღმაშენებლის გამზირზე მთლიანად გამორჩათ ის, რომ ჩვენს ქალაქში არსებობენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები, ეს ძალიან მკაფიოდ და მკვეთრად მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებას ნაკლებად აინტერესებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების უფლებები და მათი ინტერესების დაცვა”. – განაცხადა ზაზა გაბუნიამ

“ქრისტიან–დემოკრატები” ხელისუფლებას მიმართავენ და მოითხოვენ, რომ ყველა ადმინისტრაციულ შენობასთან დამონტაჟდეს პანდუსები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

ქალაქ თბილისის მერიის პრესსპიკერმა ბაჩო დოლიძემ “ქრისტიან–დემოკრატების” ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა:

“თბილისის მერიისთვის ჩვენი მოქალაქეების მსგავსი პრობლემატიკა ძალიან ახლოსაა, ჩვენ აღმაშენებლის რეაბილიტაციის დროსაც გავითვალისწინეთ ეს პრობლემა და ყველა შენობას გაკეთებული აქვს პანდუსი. მუშაობის დასრულების შემდეგ ინვალიდთა ლიგაც მოვიწვიეთ და მათგან მივიღეთ რეკომენდაციები, რომელსაც გავითვალისწინებთ და ამინდების გამოსვლისთანავე შევიტანთ შესწორებებს”, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

აღმაშენებლის გამზირზე პანდუსები მართლაც გაკეთებულია, თუმცა, მხოლოდ რამდენიმე ადგილზე.

სპეციალური პანდუსი აქვს ეროვნულ მუსიკალურ ცენტრს (ყოფილი რკინიგზელთა კულტურის ცენტრი) და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ტროტუარებს, თუმცა გამზირზე მდებარე თითქმის არც ერთ შენობას, მათ შორის, არც აფთიაქს, პოლიციასა და თბილისის ნოდარ დუბმაძის სახელობის სახელმწიფო საბავშვო თეატრს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სპეციალური შესასვლელი არ გააჩნია.

როგორც თეატრის თანამშრომლებმა განაცხადეს, ორი შესასვლელიდან არც ერთზე არ არის გაკეთებული პანდუსი, ამიტომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები შენობაში სხვა ადამიანების დახმარებით, ეტლის გარეშე, შეყავთ.

ზაზა გაბუნია საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებულ პრობლემასაც შეეხო. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული ავტობუსები დადის, მათი უმეტესობა პრობლემურია და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს მხოლოდ სხვისი დახმარებით შეუძლიათ ასეთი ავტობუსით სარგებლობა. გაბუნიამ მოუწოდა თბილისის მერიას, შეიძინონ ახალი, ლიფტიანი ავტობუსები 10 000–მდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანისთვის.

ბაჩო დოლიძის თქმით, ამჟამად ქალაქში 40 ადაპტირებული ავტობუსი მოძრაობს, რომლებიც მექანიკური სისტემითაა აღჭურვილი, შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს ტრანსპორტში ასასვლელად მძღოლის ან მგზავრების დახმარება სჭირდებათ, თუმცა, როდესაც ძველი ავტობუსები ახლით შეიცვლება, მათ უკვე ავტომატიზირებული სისტემა ექნებათ.

ზაზა გაბუნიამ მერია ხიდებთან დაკავშირებით დაპირების შეუსრულებლობაშიც დაადანაშაულა:

“ხელისუფლებამ ასევე არ შეასრულა დაპირება, რომ ახლადაშენებულ ხიდებს დაუმონტაჟდებოდათ ლიფტები”, – განაცხადა გაბუნიამ. მისი თქმით, ამის გამო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ახალი ხიდებით ვერ სარგებლობენ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ხიდების საკითხზე აქტიური მუშაობა მიდის:

“მიმდინარეობს მუშაობა, ცოტა ხანში, ალბათ, დასკვნაც დაიდება და ვნახავთ, რის გაკეთებას შევძლებთ. ამჟამად  ყველგან, სადაც მიდის ახალი შენობების აშენება ან რეკონსტრუქცია, გათვალისწინებულია მსგავსი ინფრასტრუქტურის შექმნა” , – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი