“სომხეთის მწერალთა კავშირის წარმომადგენელთა დელეგეცია ოვანეს თუმანიანის ბინის საკითხთან დაკავშირებით საქართველოში უკვე გამოემგზავრა,”- წერს სომხურენოვანი Panorama.am.
თბილისში, სოლოლაკში, სომეხი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ოვანეს თუმანიანის სახლ–მუზეუმის შეძენასთან დაკავშირებით Panorama.am კორესპონდენტთან საუბარში მწერლთა კავშირის წევრმა ლევონ ანანიანმა განაცხადა, რომ სახლის შესაძენად საჭირო თანხას ქალაქ გიუმრის მერი, ვარდან ჰუსაკიანი გადარიცხავს.
ამასთან, ანანიანი უარს ამბობს, დაასახელოს თანხის ოდენობა. “ეს დიდი ციფრია, ვეცდებით, ფასი დავაკლებინოთ,”-განაცხადა მან.
Panorama.am-ის ინფორმაციით, სახლ-მუზეუმის ყიდვის საკითხი მაშინ გადაწყდა, როდესაც სომხეთის მწერალთა კავშირში სომხეთის ქალაქ გიუმრის მერის, ვარდან ჰუსაკიანის წერილი შევიდა, სადაც მან მზადყოფნა გამოთქვა, აღნიშნული სახლი თბილისში შეეძინა და შემდეგ ის ადგილობრივ სომეხთა სათვისტომოსთვის უსასყიდლოდ გადაეცა.
სომხურმა მხარემ სომეხი მწეილის სახლ-მუზეუმთან დაკავშირებით შეშოთება მას შემდეგ გამოხატა, რაც ცნობილი გახდა სახლის ახალი მფლობელის, ქართულ–თურქული კომპანია “გეო–ტურანის” შესახებ.
შენობის ახალმა მფლობელმა, ქართულ–თურქული კომპანია “გეო–ტურანის” ხელმძღვანელობამ, “ნეტგაზეთთან” საუბარში დაადასტურა, რომ მათ აღნიშნული ფართი შეიძინეს კერძო პირისგან: “ სხვა კომპანიის სახელით ვყიდულობთ ამ ფართს. პარტნიორების გადაწყვეტილებაა ასეთი. იქ მალე დაიწყება სარემონტო სამუშაოები”.
ამის შემდეგ სომხური მედიით გაირკვევა, რომ სომხეთის კულტურის სამინისტროს დელეგაცია საქართველოში გამოემგზავრა, სადაც მხარეებს შორის შედგა მოლაპარაკება, რომლის დროს აღნიშნულმა კომპანიამ გამოთქვა მზადყოფნა, იმავე უბანში ამავე ღირებულების სახლზე გადაეცვალა თუმანიანის სახლ-მუზეუმი.





