“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” (WISG) ცნობით, ტრანსგენდერი ქალის, საბი ბერიანის მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის ინფორმაციით, უზენაეს სასამართლოს ჯერ არ ჩაუნიშნავს თარიღი, როდესაც საქმის განხილვა გაიმართება.
25 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ საბი ბერიანის მკვლელობის საქმეზე ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, რომლის თანახმადაც, ლევან კოჭლაშვილი უდანაშაულოდ ცნო საბი ბერიანის მკვლელობაში.
2015 წლის 7 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებული ლევან კოჭლაშვილი ნაწილობრივ გაამართლა. განაჩენის თანახმად, ლევან კოჭლაშვილი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საბი ბერიანის მკვლელობაში, ხოლო დამანაშავედ იქნა ცნობილი ბიანკა შიგუროვას ცემასა და ხანძრის განზრახ გაჩენაში.
ტრანსგენდერი საბი ბერიანი 11 ნოემბერს საკუთარ საცხოვრებელში მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვერსიის თანახმად, მკვლელობა კოჭლაშვილსა და ბერიანს შორის შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა, რომელიც თანხას უკავშირდებოდა.
თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები- “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC), “იდენტობა”, “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი”, მიიჩნევენ, რომ მკვლელობა გენდერული იდენტობის ნიადაგზე მოხდა.