ახალი ამბები

ევროპარლამენტის LIBE კომიტეტმა ვიზის ლიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმს მხარი დაუჭირა

7 ივლისი, 2016 • 2027
ევროპარლამენტის LIBE კომიტეტმა ვიზის ლიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმს მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტმა (LIBE) დღეს გამართულ სხდომაზე  მხარი დაუჭირა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერების გამარტივებულ მექანიზმს.

ახალი მექანიზმი ამუშავების შემთხვევაში საშუალებას მისცემს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ ევროკავშირი ან წევრი ქვეყნები გააფრთხილონ ვიზის ლიბერალიზაციის შეჩერების აუცილებლობის შესახებ და პროცედურას უფრო მოკლე ვადები დასჭირდება. ვიზის ლიბერალიზაციის შეჩერება შესაძლოა გაგრძელდეს 6 თვეს.

ევროპარლამენტის კომიტეტის წევრებმა ასევე აღნიშნეს, რომ შეჩერების მექანიზმის ამოქმედება უნდა ეფუძნებოდეს ობიექტურ მიზეზებს და უნდა იყოს სიტუაციასთან გასამკლავებლად “საბოლოო გამოსავალი”.

საქართველოს სავიზო რეჟიმის განხილვა ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოში პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. საქართველოს ევროკავშირთან სავიზო რეჟმის გაუქმებისთვის ასევე სჭირდება საბჭოს მწვანე შუქი. არაერთი ევროპელი პოლიტიკური ლიდერის განცხადებით, საქართველოს საკითხი დაკავშირებულია იმ გარემოებასთან, თუ რამდენად სწრაფად მოახერხებს ევროკავშირი შემოიღოს სავიზო რეჟიმის სწრაფი შეჩერების მექანიზმი. ეს საკითხი ასევე განიხილება ევროპულ ინსტიტუციებში. როგორც ევროპელი ლიდერების განცხადებებიდან ირკვევა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც სწრაფი შეჩერების მექანიზმი ძალაში შევა, საქართველოს საკითხიც გადაწყდება.

უცნობია, როდის მოხერხდება ამ ყველაფრის დასრულება. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ კუთხით ახსენა “ადრეული შემოდგომა”, ხოლო თბილისში ვიზიტისას გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ფრანკ ვალტერ შტაინმაირემა – სექტემბრის მეორე ნახევარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი