ახალი ამბები

კუბლაშვილმა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონზე ისაუბრა

14 თებერვალი, 2012 • 913
კუბლაშვილმა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონზე ისაუბრა

პავლე კუბლაშვილი პარლამენტის სხდომაზე გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციების  და მედიის წარმომადგენლების პეტიციას მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის თაობაზე.

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავჯდომარე პალიკო კუბლაშვილი  “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონის მუხლებს არ მიიჩნევს გაუგებრად და აღნიშნავს, რომ ეს კანონი მხოლოდ არაკეთილსინდისიერი პოლიტიკური მოთამაშეების წინააღმდეგ არის მიმართული.

“დღეს, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ თურმე დრაკონული წესებია თითქოს შემოტანილი, კარგად წავიკითხოთ, ვის წინააღმდეგ არის ეს. ეს არის მხოლოდ არაკეთილსინდისიერი პოლიტიკური მოთამაშეების წინააღმდეგ, რომლებსაც არ აინტერესებთ კანონით დადგენილი ნორმები და ნებისმიერ გზას ეძებენ, როგორ აუარონ ამათ გვერდი,” – განაცხადა კუბლაშვილმა 14 თებერვალს პარლამენტის სხდომაზე.

კუბლაშვილი სამარცხვინოდ მიიჩნევს, როდესაც პოლიტიკოსი აცხადებს, რომ მიუხედავად კანონის შეზღუდვებისა, ის მაინც მოძებნის საშუალებას, როგორ აუაროს მას გვერდი და აღნიშნავს, რომ ასეთი განცხადება იქნებოდა პოლიტიკური კარიერის დასასრული ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში და ჩვენთანაც [საქართველოში] ასე მოხდება, რადგან ჩვენთან საზოგადოებას სხვა არჩევანი არ აქვს.

მისივე განცხადებით, თითოეული იმ პარტიის ქმედება, რომელიც უკავშირდება შავი ფულის, მათ შორის, რუსული ფულის შემოსვლას პოლიტიკაში, ასეთი პარტიების ქმედებები იქნება შეფასებული საზოგადოების მხრიდან და ასეთი პარტიების მიმართ კანონი იქნება მკაცრი.

“ეს კანონი შეეხება და იქნება ძალიან მკაცრი იმ პირის მიმართ, ვინც გადაწყვეტს, რომ ამომრჩევლის მოსყიდვის გზით იაროს, ვინც გადაწყვეტს, რომ ფული უკანონო გზით მოიტანოს პოლიტიკაში და უკანონო გზით ხარჯოს. ეს კანონი იქნება ძალიან მკაცრი იმ პარტიების მიმართ, რომლებიც ჯიბეგამოწეულები ელოდებოდნენ, როდის ჩაუდებდნენ ამ ჯიბეში თანხას, რომ ეს დაეხარჯათ შემდეგ სხვა პოლიტიკური მიზნებისთვის. ასევე, ეხება იმ არასამთავრობოებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ მზად ვართ, გვიყიდოს ნებისმიერმა პოლიტიკურმა ფიგურამ, რომელსაც აქვს თავისი ფული. ბოლო თვეების განმავლობაში ხედავთ, ზოგი ამბობს, რომ ერთი წლის ხელფასი აიღეს წინასწარ, ზოგი გახდა უცებ წარმოუდგენლად ნიჭიერი  და მისი ანაზღაურება გაიზარდა ათჯერ და ოცჯერ. ბატონებო, ასეთი პროცესები ვერ გაგრძელდება,” – განაცხდა სხდომაზე კუბლაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი