ახალი ამბები

“ჰუალინგ ჯგუფი” “რესპუბლიკა ბანკის” ყიდვას და “ბაზისბანკთან” მიერთებას გეგმავს

5 ივლისი, 2016 • 1536
“ჰუალინგ ჯგუფი” “რესპუბლიკა ბანკის” ყიდვას და “ბაზისბანკთან” მიერთებას გეგმავს

„ჰუალინგ ჯგუფს“, „სოსიეტე ჟენერალსა“ და EBRD-ს შორის შედგა წინასწარი შეთანხმება „ბანკი რესპუბლიკაში“ „სოსიეტე ჟენერალის“ აქციების საკონტროლო წილის „ჰუალინგ ჯგუფის“ მიერ შესყიდვასთან დაკავშირებით.

ამის შესახებ ინფორმაციას თავად “ჰუალინგ ჯგუფი” ავრცელებს.

გარიგების პირობების მიხედვით, „ჰუალინგ ჯგუფი“ გეგმავს „ბანკ რესპუბლიკასა“ და „ბაზისბანკის“ გაერთიანების გზით უნივერსალური ბანკის ჩამოყალიბებას, რომელიც მტკიცედ დაიმკვიდრებს მესამე პოზიციას საქართველოს საბანკო ბაზარზე.

“გაერთიანების შემდეგ „ჰუალინგ ჯგუფს“ ექნება ახალი ბანკის აქციათა საკონტროლო პაკეტი და სამეთვალყურეო საბჭოში ხმების უმრავლესობა. ეს გარიგება წარმოადგენს საქართველოში „ჰუალინგ ჯგუფის“ გრძელვადიანი ინვესტიციების განხორციელების კიდევ ერთ დადასტურებას.

გაერთიანების შემდგომ ჯგუფი „სოსიეტე ჟენერალი“ იქნება ახალი ბანკის 8%-იანი წილის მფლობელი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) იქნება გაერთიანებული ბანკის აქციების მცირე წილის – დაახლოებით 3.9%-ის მფლობელი, ასევე დარჩება სამეთვალყურეო საბჭოს წევრად და საქართველოს საბანკო ბაზრისთვის საიმედო ფინანსურ პარტნიორად.

„ერთი სარტყელი – ერთი გზის“ სტრატეგიული ინიციატივის ფონზე, ეს გარიგება არა მარტო გააძლიერებს „ჰუალინგ ჯგუფის“ საბანკო საქმიანობას და ხელს შეუწყობს საქართველოს საბანკო სექტორში დაბალანსებული კონკურენციის ჩამოყალიბებას, არამედ წვლილს შეიტანს ჩინეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაში. ის ასევე მიაწოდებს ხარისხიანი საფინანსო მომსახურების ფართო სპექტრს, როგორც საქართველოში მოღვაწე ჩინურ, ასევე ადგილობრივ კომპანიებსა და ინდივიდუალურ მომხმარებლებს.

აღნიშნული გარიგების პროცესში „ჰუალინგ ჯგუფი“ თანამშრომლობს: შანხაის თუჰონგის საინვესტიციო მენეჯმენტის კომპანიასთან („Tuhong International“) – ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველის სახით, KPMG-თან – ფინანსური და საგადასახადო კონსულტანტის სახით და ქართულ იურიდიულ ფირმა „BLF“-თან იურიდიული მრჩეველის სახით.

აღსანიშნავია, რომ გარიგების დასრულებისათვის საჭიროა დამატებითი შესწავლის პროცესის წარმართვა „ბანკ რესპუბლიკასა“ და „ბაზისბანკში“, ასევე დამატებითი მოლაპარაკებები საბოლოო კონტრაქტის პირობებზე და რეგულაციური დასტური საქართველოსა და ჩინეთის კანონმდებლობის შესაბამისად”

მასალების გადაბეჭდვის წესი