ახალი ამბები

“რესპუბლიკელების” წერილი კონტროლის პალატას

13 თებერვალი, 2012 • 1231
“რესპუბლიკელების” წერილი კონტროლის პალატას

“რესპუბლიკელები” საქართველოს კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის, ქალბატონ ნათია მოგელაძისთვის მიწერილ წერილში აცხადებენ, რომ “რესპუბლიკური პარტია” 2011 წლის ფინანსური ანგარიშბრუნვის თაობაზე ინფორმაციის თანდართული ფორმის მიხედვით არ და ვერ წარმოუდგენს კონტროლის პალატას.

“ქალბატონო ნათია,

2012 წლის 8 თებერვალს მივიღეთ  თქვენი 2012 წლის 8 თებერვლის #263/57 წერილი, რომლითაც რესპუბლიკური პარტიისგან 3 დღის ვადაში ითხოვთ არასამეწარმეო იურიდიული პირის “რესპუბლიკური ინსტიტუტის” 2011 წლის ფინანსური ანგარიშბრუნვის თაობაზე ინფორმაციის წარმოდგენას თანდართული ფორმის მიხედვით.

გაცნობებთ, რომ რესპუბლიკურ პარტია არ და ვერ წარმოგიდგენთ მოთხოვნილ ინფორმაციას შემდეგ გარემოებათა გამო:

  1. რესპუბლიკურ პარტიას არ გააჩნია თქვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია;
  2. თქვენს წერილში მითითებული კანონის ნორმები (261 მუხლი და 32-ე მუხლის მე-4 პუნქტი) არ ითვალისწინებს პარტიის მიერ სხვა ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშების თქვენთვის 3 დღის ვადაში მოწოდების ვალდებულებას. ამას არ ითვალისწინებს არც წერილში ნახსენები კანონით თქვენთვის “მონიჭებული მანდატი”. აღნიშნული მანდატის მიხედვით (კანონის 34 მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” პუნქტი), თქვენ შეგიძლიათ მოგვთხოვოთ ინფორმაცია მხოლოდ ჩვენი “პარტიის ფინანსებთან” დაკავშირებით, რასაც შეუფერხებლად მიიღებთ;
  3. უსაფუძვლოა თქვენი მითითება “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის იმ მოთხოვნაზეც, რომლის მიხედვით, პარტიამ თავის საფინანსო დეკლარაციაში უნდა ასახოს მასთან დაკავშირებული ან მისი კონტროლის ქვეშ მყოფი იურიდიული პირის ხარჯები. აღნიშნული ნორმა რესპუბლიკურ პარტიას არ ავალდებულებს, თავის 2011 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 იანვრამდე ფინანსურ ანგარიშში ასახოს „რესპუბლიკური ინსტიტუტის“ ხარჯები, ვინაიდან:

a)    ამგვარი ვალდებულება პარტიისთვის ძალაში შევიდა 2011 წლის 30 დეკემბერიდან. ამას თქვენ თავადვე ადასტურებთ ჩვენთვის გამოგზავნილ წინა წერილში (#233/57, 23 თებერვალი 2012), სადაც აღნიშნავთ, რომ “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” ორგანულ კანონში 2011 წლის 28 დეკემბერს შესული ცვლილებები არ ვრცელდება მათ ძალაში შესვლამდე პერიოდზე. აღნიშნული მოთხოვნა არ არის გათვალისწინებული არც თქვენ მიერ დადგენილ ანგარიშგების ფორმებში.

b)   რესპუბლიკური ინსტიტუტი 2011 საანგარიშო წლის განმავლობაში არ შეიძლებოდა ყოფილიყო “პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული ან სხვაგვარად კონტროლის ქვეშ მყოფი იურიდიული პირი”, რადგანაც აღნიშნული სტატუსი კანონმა გაითვალისწინა მხოლოდ 2011 წლის 30 დეკემბრიდან (თუმცა, არც აღნიშნული თარიღის შემდეგ გამოცემულა რაიმე სამართლებრივი აქტი, რომელიც ინსტიტუტს ახალ სამართლებრივ რეჟიმში მოაქცევდა).

c)    2012 წლის 30 იანვარს მოგაწოდეთ 2011 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 იანვრამდე პერიოდის პარტიის ფინანსური ანგარიში. ამ ანგარიშის თაობაზე პარტიის ოფიციალურ წარმომადგენელთან 2012 წლის 7 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე თქვენ არ გამოგითქვამთ რაიმე დამატებითი მოთხოვნა და ანგარიში განთავსდა თქვენს ვებ-გვერდზე.

შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოუდგენლობა ვერ ჩაითვლება:

  • ვერც კანონის 342 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ქმედებად (“პარტიის მიერ საქართველოს კონტროლის პალატისთვის მოთხოვნილი ინფორმაციის კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა”), რაც გამოიწვევდა პარტიის დაჯარიმებას 5 000 ლარით, და
  • ვერც კანონის 342 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ ქმედებად (“საქართველოს კონტროლის პალატის კანონიერი მოთხოვნის განზრახ შეუსრულებლობა”), რაც შეიძლებოდა გამხდარიყო პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის შეჩერების საფუძველი.

ამასთანავე, მომავალში რესპუბლიკური პარტიის მიერ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისთვის, გთხოვთ, მოგვაწოდოთ უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც არასამეწარმეო იურიდიულ პირს “რესპუბლიკურ ინსტიტუტს” (ან სხვა რომელიმე იურიდიულ პირს) მიენიჭა აღნიშნული კანონის 261 მუხლით გათვალისწინებული სტატუსი,”-ნათქვამია “რესპუბლიკელების” მიერ მიწერილ წერილში.

მასალების გადაბეჭდვის წესი