ახალი ამბები

“მოაყარე მარილი” [Video]

10 თებერვალი, 2012 • 1301
“მოაყარე მარილი” [Video]

თოვლიანი ამინდის გამო, დასუფთავების სამსახურის ინფორმაციით, ტექნიკური მარილის დაყრა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები აცხადებენ, წინა დღეებთან შედარებით დღეს დილას გადაადგილება ჭირდა:

“დღეს გზებზე გაცილებით დიდი თოვლი იდო, ასეთ თოვლზე მაშინაც კი ჭირს ავტობუსის მართვა, როდესაც მარილია მოყრილი, რადგან მოჭიდება ცუდია და მანქანა სრიალებს. გარეუბნებში ვინც ვმოძრაობთ, აღმართების გავლაც გვიწევს, რაც საშიშია და შეძლებისდაგვარად ვერიდებით, ამიტომ დღეს ზოგიერთ უბანში ბოლო გაჩერებებმა ქვემოთ გადმოინაცვლა”, – აცხადებს #27 ავტობუსის მძღოლი.

დილიდან პრობლემები შეექმნათ სოფელ დიღომში მიმავალ #7 ავტობუსებსაც – იმის გამო, რომ გზაზე საკმარისი რაოდენობის მარილი არ დაყარეს, მძღოლებს ავტობუსის გაჩერება მარშალ გელოვანის გამზირზე მოუხდათ.

მძღოლების განცხადებით, მსგავსი პრობლემა შეექმნა გარეუბანში მიმავალ თითქმის ყველა ავტობუსს.

როგორც ქალაქ თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი თორნიკე შიოლაშვილი აცხადებს, პრობლემები დილის საათებში მართლაც შეიქმნა, თუმცა ამის მიზეზი ტექნიკური მარილის არასაკმარისი რაოდენობა არ ყოფილა:

“პრობლემები ძლიერმა თოვლცვენამ გამოიწვია, ასეთი თოვლი თბილისს არ ახსოვს და მიუხედავად იმისა, რომ მთელი ღამის განმავლობაში ვმუშაობდით, ზოგიერთ უბანში გადაადგილება ჭირდა”.

თორნიკე შიოლაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის ყველა ცენტრალური და გარეუბნამდე მისასვლელი გზა გახსნილია, ამიტომ მარილის ტროტუარებზე დაყრა დაიწყო.

დღესვე საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული ოცნების” გაერთიანებული ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები თბილისის მერს, გიგი უგულავას, ფეხით მოსიარულეთა პრობლემებზე ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდებდნენ. ფეხით მოსიარულეთათვის გადაადგილების გასაადვილებლად მერიამ აქცია “მოაყარე მარილის” საპასუხოდ ტროტუარებზე მარილის დაყრა ბარათაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო. მათი განცხადებით, პარალელურად მარილი დედაქალაქის სხვა ნაწილებშიც დაიყრება.

მიუხედავად იმისა, რომ კეთილმოწყობის სამსახურის განცხადებით ყველა გზა გახსნილია, ტაქსის მძღოლები ზოგიერთ უბანში წასვლაზე კლიენტებს ამ დრომდე უარს ეუბნებიან:

“რამდენიც გინდა გადამიხადონ, ნუცუბიძის პლატოზე დღეს არ წავალ, დილით წავიყვანე კლიენტი და კინაღამ მანქანა დავამტვრიე, ისე იყო მოყინული, ერთი კვარტლის დაშორებით ჩამოვსვი ქალბატონი”, – აცხადებს ერთ–ერთი ტაქსის მძღოლი. 

ავტობუსის მძღოლების განცხადებით, შუადღისკენ სიტუაცია შედარებით გამოსწორდა, რასაც ხელი მზიანმა ამინდმაც შეუწყო. მათი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი დღეს საღამოს ჩვეულ რეჟიმში იმოძრავებს, თუმცა, თუკი საღამოსკენ ყინვა გაძლიერდა, შესაძლოა, კვლავ პრობლემები შეიქმნას და ავტობუსებმა დანიშნულების ბოლო ადგილამდე მისვლა ვერ შეძლონ.

თბილისის მერის გადაწყვეტილებით, დასუფთავების სამსახურის ყველა ის თანამშრომლები, ვინც ამ დღეების განმავლობაში თოვლიანი ამინდის გამო სპეციალურ რეჟიმში მუშაობდა, დამატებით პრემიას მიიღებს.

ქალაქ თბილისის მერმა, გიგი უგულავამ, დღეს წყნეთის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოები დაათვალიერა.

“ხვალიდან, სავარაუდოდ, აღარ მოთოვს, მაგრამ იწყება დიდი ყინვები, შედეგად შეიძლება გაიყინოს მილები და ვცდილობთ, წყალმომარაგება ქალაქში მინიმალურად შეიზღუდოს.”, – განაცხადა გიგი უგულავამ. მისივე თქმით, თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე მარილი სპეციალურად შეძენილი 50 საფეხმავლო ურიკით დაიყრება

მასალების გადაბეჭდვის წესი