ახალი ამბები

ბერძენიშვილი: სანამ “თავისუფლების ინსტიტუტს” არ შეეხებიან, ჩავთვლი, რომ მოგელაძე ხუმრობს

10 თებერვალი, 2012 • • 1450
ბერძენიშვილი: სანამ “თავისუფლების ინსტიტუტს” არ შეეხებიან, ჩავთვლი, რომ მოგელაძე ხუმრობს

“რესპუბლიკური ინსტიტუტის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ გაურკვეველია, რატომ ჩაითვალა მათი ორგანიზაცია პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ იურიდიულ პირად, როდესაც კონტროლის პალატამ მათგან ფინანსური ანგარიშის წარდგენა მოითხოვა. მას მიაჩნია, ეს პოლიტიკური მიზნით მიღებული გადაწყვეტილებაა.

“ჩვენ მოგვწერეს წერილი, სადაც არ აგვიხსნეს, თუ რატომ არის ორგანიზაცია პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული. არ ვიცით, ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება, იქნებ არ ვეთანხმებით და ვასაჩივრებთ. ეს არის პოლიტიკური მიზნით მიღებული გადაწყვეტილება. მათ გულწრფელად უნდა ეთქვათ, რომ აინტერესებთ, ბიძინა ივანიშვილმა ვინმეს რაიმე თანხა ხომ არ მისცა და როდის. შესაბამისად, კონტროლის პალატის ეს მოქმედება და საერთოდ, მთელი ეს კანონი ძალიან საეჭვო ხასიათს ატარებს”, – აცხადებს ლევან ბერძენიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში.

“რესპუბლიკური ინსტიტუტს” ხუთი დამფუძნებელი ჰყავს (ლევან ბერძენიშვილი, თინათინ ხიდაშელი, ივლიანე ხაინდრავა, გურამ ბერიშვილი, ნინო კალანდარიშვილი), მათ შორის არიან “რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენლები, თუმცა, ლევან ბერძენიშვილის თქმით, “რესპუბლიკური ინსტიტუტის” პროექტები პოლიტიკურ საქმიანობას არ ითვალისწინებს:

“ჩვენი ორგანიზაციის მიზანი არის სასწავლო, კვლევითი, შემოქმედებითი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ყოფილა პოლიტიკური მიზანი. პოლიტიკური მიზანი აქვს “რესპუბლიკურ პარტიას”, ხოლო “რესპუბლიკურ ინსტიტუტში” ამ პარტიის წევრებიც მოღვაწეობენ და არაწევრებიც. ასეთი ორგანიზაციები მსოფლიოში ბევრია. მაგალითად, საქართველოში ორი მსგავსი ამერიკული ორგანიზაცია მოქმედებს – NDI, რომელიც დაკავშირებულია ამერიკის დემოკრატიულ პარტიასთან და IRI, რომელიც რესპუბლიკურ პარტიასთანაა დაკავშირებული– მაგრამ მსგავს შეზღუდვებს ამ ორგანიზაციებს არავინ უწესებს”.

ბერძენიშვილი ამბობს, რომ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანების შესახებ კანონში შესული ცვლილებები, რომლის საფუძველზეც კონტროლის პალატა ითხოვს პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ ფიზიკური და იურიდიული პირების ფინანსურ ანგარიშებს, უნდა გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში.

“მე ვფიქრობთ, რომ უნდა მივმართოთ და მივმართავთ კიდეც საკონსტიტუციო სასამართლოს თვითონ ამ კანონთან დაკავშირებით, მაგრამ ამავე დროს არც მანამდე ვიქნებით გულ–ხელდაკრეფილები: მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე, დიპლომატიურ კორპუსს, ვინაიდან საქართველოს ხელისუფლების მოქმედების ხარისხი ბევრად აჭარბებს დასაშვებს. ყველაზე უფრო ტოტალიტარულ ქვეყნაშიც კი მსგავსი კანონი არ მიუღიათ,” – აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.

მისი თქმით, “რესპუბლიკური ინსტიტუტი”, ძირითადად, გრანტებით ფინანსდებოდა და, შესაბამისად, ორგანიზაცია ანგარიშვალდებულია დონორი ფონდების წინაშე და ეს ინფორმაცია საჯაროა:

“ჩვენ არასამთავრობო ორგნიზაცია ვართ და არასოდეს არანაირი ფინანსების დამალვა არ გვქონია. ჩვენ ანგარიშვალდებულები ვართ იმ ფონდების წინაშე, საიდანაც ვიღებთ გრანტებს და ეს დოკუმენტაციაც საჯაროა, კონტროლის პალატის ბრძანების მიუხედავადაც”.

ბერძენიშვილის თქმით, იმის გამო, რომ კონტროლის პალატამ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირად მიიჩნია, მათი ორგანიზაცია გრანტს ვეღარ მიიღებს:

“რამდენი ხნით გვაქვს მისჯილი ის, რომ გრანტი ვერ უნდა მივიღოთ, არ ვიცით. მოგვეხსნება თუ არა ოდესმე ეს სტატუსი? – კონტროლის პალატის წერილი სტატუსს გვანიჭებს, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვერავისგან გრანტს ვერ მივიღებთ, ჩვენ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, გაგვაუქმეს. რაც შეეხება იმას, რომ ვინმე კერძო პირი რაიმეს შემოგვწირავს არასამთავრობოს, ეს იშვიათი მოვლენაა. მოღვაწეობის მანძილზე ამ ორგანიზაციას მხოლოდ ერთი შემოწირულობა ჰქონდა სულ,” – აღნიშნავს ბერძენიშვილი.

საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ნათია მოგელაძემ, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 261 მუხლის და 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, “რესპუბლიკური ინსტიტუტის” გარდა, კიდევ ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას – “ახალი თაობა – ახალი ინიციატივას” მოთხოვა ფინანსური ანგარიშის წარდგენა.

ლევან ბერძენიშვილს მიაჩნია, რომ ეს ორი ორგანიზაცია პროპაგანდის მიზნით იქნა ერთმანეთთან დაწყვილებული, რადგან, მისი თქმით, “ახალი თაობა – ახალი ინიციატივა” ხელისუფლებასთან დაახლოებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი კონსტანტინე (კოკი) იონათამიშვილი თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრია.  

“პროპაგანდის მიზნით ჩვენთან დააწყვილეს მთავრობასთან დაახლოებული არასამთავრობო ორგანიზაცია, რაც ძალიან სახუმაროა იმიტომ, რომ ჩვენ ვითხოვდით უფრო სერიოზულ წყვილს. მაგალითად, თუკი კოკი იონათამიშვილი, რომელიც ამ “ახალი თაობა–ახალი ინიციატივის” დამფუძნებელი, ასევე, პოლიტიკოსია და ამიტომ მისი ორგანიზაცია აქ აღმოჩნდა, მაშინ გიგა ბოკერია, ვანო მერაბიშვილი, გივი თარგამაძე, დავით ზურაბიშვილი, ლევან ბერძენიშვილი, სოზარ სუბარი, ესაა ხალხი, ვინც დაკავშირებულია “თავისუფლების ინსტიტუტთან”, ზოგი დაარსების დღიდან მუშაობდა, ზოგი ახლაც იქ მუშაობს და “თავისუფლების ინსტიტუტს” არავინ არაფერს არ უკრძალავს, არც გამჭვირვალობას თხოვენ. სანამ “თავისუფლების ინსტიტუტს” არ შეეხებიან, მანამდე ჩავთვლი, რომ მოგელაძე ხუმრობს. ლევან ბერძენიშვილი, თინათინ ხიდაშელი და კოკი იონათამიშვილი აღიარეს პოლიტიკოსებად და ვანო მერაბიშვილს ვერ ხედავენ? ახლა ასეთი ბრმები არ უნდა იყვნენ. ამიტომ, ჩემი აზრით, ეს არის უბრალოდ პროპაგანდაა,” – აცხადებს ბერძენიშვილი.

შეგახსნებეთ, რომ რამდენიმე კვირის წინ კონტროლის პალატამ ამავე კანონის საფუძველზე ფინანსური ანგარიში მოითხოვა არასამეწარმეო იურიდიული პირისგან, “ქართული ოცნებისგან”, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა, ხოლო რამდენიმე დღეში კი– ორგანიზაციისგან, “ჩვენი ხმა გიგი უგულავას”, რომელიც თბილისის მერს უჭერდა მხარს.

“რესპუბლიკურ ინსტიტუტსა” და “ახალი თაობა-ახალი ინიციატივას” კონტროლის პალატაში ფინანსური ანგარიშის წარსადგენად ვადა დღეს ეწურებათ.

ამავე თემაზე:

“ახალი თაობა–ახალი ინიციატივა” კონტროლის პალატის მოთხოვნას არამართებულად მიიჩნევს

მასალების გადაბეჭდვის წესი