ახალი ამბები

აქცია: ”ნუ დევნით არასამთავრობო სექტორს!”

8 თებერვალი, 2012 •
აქცია: ”ნუ დევნით არასამთავრობო სექტორს!”

ამ წუთებში საქართველოს კონტროლის პალატის წინ არასამთავრობო ორგანიზაციების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაში მონაწილეობენ ორგანიზაციები – ”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”, კოალიცია სამართლიანი არჩევნებისთვის.

აქციის მონაწილეების ხელში უჭირავთ ტრანსპარანტები, წარწერებით: ”ნუ დევნით არასამთავრობო სექტორს!” ”ნუ კლავთ სამოქალაქო აქტივობას!” ”ჩვენ პოლიტიკური პარტიები არ ვართ!”

არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი დღეს კონტროლის პალატაში გამართულ ბრიფინგს მოჰყვა, სადაც კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ორ არასამთავრობო ორგანიზაციას – “რესპუბლიკურ ინსტიტუტსა” და „ახალი თაობა – ახალი ინიციატივა”–ს – ფინანსური ანგარიშბრუნვის შესახებ ინფორმაციის სამდღიან ვადაში გადაგზავნა მოთხოვა.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 261 მუხლის და 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, პარტიას აქვს ვალდებულება, წარმოადგინოს მასთან დაკავშირებული პირების ფინანსური ანგარიშბრუნვის შესახებ ინფორმაცია. ამ მიზნით დღეს საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ არასამეწარმეო იურიდიული პირის – „რესპუბლიკური ინსტიტუტის“ – ფინანსური ანგარიშბრუნვის წარმოდგენასთან დაკავშირებით მოთხოვნები დაეგზავნა შესაბამის ადრესატებს. ფინანსური საქმიანობის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა დაევალა ასევე ორგანიზაციას– „ახალი თაობა – ახალი ინიციატივა“, რომელთან ასოცირებული პირები დღესაც ეწევიან პოლიტიკურ საქმიანობას. ორივე სუბიექტს ანგარიშბრუნვის წარმოსადგენად სამი დღის ვადა განესაზღვრა,” – განაცხადა საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ნათია მოგელაძემ.

კოალიაცია სამართლიანი არჩევნებისთვის თავმჯდომარის ნინო ლომჯარიას თქმით, ეს ყველაზე ცუდი პრეცედენტია, რაც კი შეიძლება დაშვებულიყო კონტროლის პალატის მიერ. მისი განცხადებით, ამან შესაძლოა არასამთავრობო ორგანიზაციის ლიკვიდაცია გამოიწვიოს, რადგან მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ მიღებული კანონის თანახმად, პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ ორგანიზაციას ისეთივე შეზღუდვები დაუწესდება, როგორც პარტიას. კერძოდ, წლიური შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 60 ათას ლარს, აეკრძალებათ კრედიტის/სესხის აღება ბანკისგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი