ახალი ამბები

კონტროლის პალატასთან აქცია გაიმართება

8 თებერვალი, 2012 • 1079
კონტროლის პალატასთან აქცია გაიმართება

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დღეს, 18:00 საათზე, კონტროლის პალატის შენობასთან აქციას გამართავენ.

აქციის მონაწილეები გააპროტესტებენ ხელისუფლების მიერ არასამთავრობო სექტორის “სრულიად დაუსაბუთებლად კონტროლის დაწყებას”.

”ახალი თაობა – ახალი ინიციტივა” არის პირველი, ვინ იქნება შემდეგი, არავინ იცის”, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა დღეს ორ არასამთავრობო ორგანიზაციას – “რესპუბლიკურ ინსტიტუტსა” და „ახალი თაობა – ახალი ინიციატივა”–ს – ფინანსური ანგარიშბრუნვის შესახებ ინფორმაციის სამდღიან ვადაში გადაგზავნა მოთხოვა.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 261 მუხლის და 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, პარტიას აქვს ვალდებულება, წარმოადგინოს მასთან დაკავშირებული პირების ფინანსური ანგარიშბრუნვის შესახებ ინფორმაცია. ამ მიზნით დღეს საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ არასამეწარმეო იურიდიული პირის – „რესპუბლიკური ინსტიტუტის“ – ფინანსური ანგარიშბრუნვის წარმოდგენასთან დაკავშირებით მოთხოვნები დაეგზავნა შესაბამის ადრესატებს. ფინანსური საქმიანობის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა დაევალა ასევე ორგანიზაციას– „ახალი თაობა – ახალი ინიციატივა“, რომელთან ასოცირებული პირები დღესაც ეწევიან პოლიტიკურ საქმიანობას. ორივე სუბიექტს ანგარიშბრუნვის წარმოსადგენად სამი დღის ვადა განესაზღვრა,” – განაცხადა საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, ნათია მოგელაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი