ახალი ამბები

ივანიშვილი: კუკავა და ბურჯანაძე პროდასავლურობას არ მიესალმებიან

8 თებერვალი, 2012 • • 999
ივანიშვილი: კუკავა და ბურჯანაძე პროდასავლურობას არ მიესალმებიან

“ჩვენი პოზიციები, მსოფლმხედველობა, იდეოლოგია, რომელიც გააჩნია ჩვენს მომავალ პარტიასა და ჩვენს პარტნიორებს, განსხვავდება მათი იდეოლოგიისგან. მხედველობაში მაქვს ის, რომ ჩვენ ვართ პროდასავლური იდეოლოგიის და არჩევნების გზით ვაპირებთ მხოლოდ ხელისუფლების შეცვლას. ბურჯანაძისა და კუკავას პარტია პროდასავლურობას არ მიესალმებიან და, ამავდროულად, ცდილობენ ქუჩიდან დაიწყონ ხელისუფლების შეცვლა. აქედან გამომდინარე, ალბათ, ვერ მოვახერხებთ ჩვენ მათთან რაიმე სახით თანამშრომლობას. თანამშრომლობა მათთან შეიძლება მოხდეს მხოლოდ საარჩევნო სივრცის გაუმჯობესებისა და მსგავსი ტექნიკური საკითხების ირგვლივ,” – განუცხადა ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილმა დღეს, 8 თებერვალს,  “ქართული ოცნების” ოფისში პრესსპიკერის წარდგენისას.

მისივე განცხადებით, მათ განიხილავს, როგორც ხელისუფლების ოპონენტებს და აცხადებს, რომ არავითარი კრიტიკა მათ მიმართ არ ექნება.

“არ შეიძლება ურთიერთობა პარტიებთან, რომლებიც ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში არიან შემჩნეული. ამგვარი ეჭვები ჩვენ არც კუკავასა და არც ბურჯანაძის პარტიებთან მიმართებაში არ გაგვაჩნია, მათ განვიხილავთ ხელისუფლების ოპონენტებად, ამდენად, მათთან თანამშრომლობა მისაღებია,” – აღნიშნა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი, ასევე, ამბობს, რომ ის “ქალთა პარტიის” ლიდერთან გუგული მაღრაძესა და სალომე ზურაბიშვილთანაც ითანამშრომლებს.

“ხვალ ან ზეგ მე მექნება შეხვედრა გუგული მაღრაძესთან. პრინციპულ საკითხებზე მოლაპარაკებები დაწყებულია და შეთანხმება მიღწეულია. მე გუგული მაღრაძეს ჩემს მომავალ პარტიაში მთლიანად გაერთიანებას ვთავაზობ. ასეთივე მოლაპარაკებები გვაქვს სალომე ზურაბიშვილთან, რომელიც თანამშრომლობისთვის მზად არის, თუმცა აქ პოზიციები კვლავ დასაზუსტებელია”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, მან ასევე მიიღო “სოციალ-დემოკრატების” ლიდერის, გიორგი ჟორჟოლიანის წერილიც, რომელმაც შესთავაზა ცალკეულ რეგიონებში მაჟორიტარებთან დაკავშირებით თანამშრომლობა, რასაც ივანიშვილი სიამოვნებით განიხილავს.

“სოციალ–დემოკრატების” მსგავსად, ასეთივე რანგში განვიხილავ “მწვანეთა პარტიას”. თუ ისინი ჩვენთვის მისაღებ კანდიდატს წამოაყენებენ ამა თუ იმ რეგიონში, მზად ვართ, საერთო კანდიდატს მხარი დავუჭიროთ,”- აღნიშნა ივანიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი