საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის, ბრძანების საფუძველზე, დიდთოვლობის გამო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, საჯარო სკოლებში, სასწავლო პროცესი 2012 წლის 9 თებრვლიდან 13 თებერვლამდე შეწყდება.
როგორც “ნეტგაზეთს” განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა, ნინო პოტრჟებსკაიამ განუცხადა, სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტო ამ დროისთვისაც ატარებს სკოლებში მონიტორინგს, თუმცა არსებული ზარალის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
პოტრჟებსკაიას თქმით, დღეს სკოლების 70%–ში მოსწავლეების მისვლა შეფერხდა, სწორედ ამ მიზეზით იქნა აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული.
“დღეს ჩვეულებრივად მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, ხოლო იმ მოსწავლეებს, ვინც ვერ მოახერხა სკოლაში მისვლა, მათი გაცდენა საპატიოდ ჩაითვლება”.
გაცდენილი დღეებისა და საათების ანაზღაურება შაბათის ხარჯზე მოხდება.




