ახალი ამბები

თოვლის გამო ტრანსპორტს პრობლემები შეექმნა

8 თებერვალი, 2012 •
თოვლის გამო ტრანსპორტს პრობლემები შეექმნა

რამდენიმესაათიანმა გადაუღებელმა თოვამ თბილისში ტრანსპორტის გადაადგილებას გარკვეული პრობლემები შეუქმნა. ავტომობილების გადაადგილება შეზღუდულია თბილისი-რუსთავის გზაზე. დედაქალაქში ამ წუთებშიც გადაუღებლად თოვს.

”საქართველოს რკინიგზის” პრესსამსახურში ”ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ყველა სარკინიგზო სამგზავრო რეისი ამ დროისათვის შეფერხების გარეშე სრულდება და თოვლს პრობლემები არ შეუქმნია მატარებლებისთვის. მოყინული გზისა და თოვლის გამო ამ დროისთვის გადაკეტილია თბილისი-რუსთავის გზა. მაია წიკლაურმა, რომელიც რუსთავიდან თბილისისკენ მოდიოდა, ”ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ მიკროავტობუსი ნახევარ საათზე მეტხანს იყო საცობში, ფონიჭალაში გაჩერებული, სადაც გზა მოყინულია და თოვს. მისი თქმით, საპატრულო პოლიციამ მძღოლები გააფრთხილა, რომ უკან, რუსთავში დაბრუნდნენ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დიდი თოვლის გამო გადაკეტილია ჯვრის უღელტეხილი, შეზღუდვებია კახეთის მიმართულებით. გომბორის გზაზე მხოლოდ ჯაჭვებით გადაადგილებაა შესაძლებელი. რაც შეეხება თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალურ მაგისტრალს, აქ გადაადგილების მხრივ პრობლემები ჯერ არ შექმნილა.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია თბილისის გარეუბნებში, მათ შორის, ვარკეთილსა და გლდანში, სადაც მიკროავტობუსები ნაკლების სიხშირით მოძრაობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი