ახალი ამბები

ეყოლება თუ არა თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას თვითგამოცხადებული პრეზიდენტი?

6 თებერვალი, 2012 • 1371
ეყოლება თუ არა თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას თვითგამოცხადებული პრეზიდენტი?

10 თებერვალი ალა ჯიოევამ საკუთარი ინაუგურაციის დღედ გამოაცხადა.

„2012 წლის 10 თებერვალს, 12 საათზე, ვნიშნავ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ინაუგურაციას, რომელსაც ამომრჩეველთა 56,7%–მა ხმა მისცა. ჩვენ მოწვევას გავუგზავნით აფხაზ ხალხს, მთიან ყარაბახს და ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებს, ყველას, ვინც ამ პერიოდში ჩვენ გვერდით იდგა ნამდვილი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში,“  – განუცხადა ალა ჯიოევამ 28 იანვარს ცხინვალში გამართულ მიტინგზე შეკრებილ 500–მდე მხარდამჭერს.

მან დე ფაქტო რესპუბლიკის  პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ვადიმ ბროვცევს, ცივილიზებული ფორმით ხელისუფლების გადაცემა და ინაუგურაციისთვის  სათანადო ღონისძიებების გატარება მოსთხოვა. ჯიოევამ სამართალდამცავებსაც ხალხის გვერდით დგომისკენ მოუწოდა.

ინაუგურაციის ჩასატარებლად ალა ჯიოევა ხელისუფლებისგან  ერთ–ერთი დარბაზის დათმობას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი პრეზიდენტის საზეიმო ფიცს ქუჩაში წარმოთქვამს.

ექსპერტების აზრით, შესაძლოა ამ ყველაფერს სამოქალაქო დაპირისპირება მოჰყვეს სამხრეთ ოსეთში.  ერთ–ერთ რუსულ გამოცემასთან საუბარში ჯიოევამ აღნიშნა, რომ სამოქალაქო ომი ტრაგედიაა, მაგრამ თუ კანონს იცავ, გარკვეული მსხვერპლისთვისაც მზად უნდა იყო. ოსურმა მედიამ ეს განცხადება ჯიოევას სამოქალაქო ომისთვის მზადყოფნად აღიქვა და პუბლიკაციებიც ასეთივე სათაურით გამოაქვეყნა.

ვადიმ ბროვცევმა ჯიოევას ულტიმატუმის ფორმა არ მიიღო. ოსურ მედიასთან საუბარში იგი აცხადებს, რომ მისთვის მინიჭებულ უფლება–მოვალეობებს გამოიყენებს და რესპუბლიკაში სამოქალაქო დაპირისპირებას არ დაუშვებს.

ცხინვალელი ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი თემურ ცხოვრებოვი მიიჩნევს, რომ ალა ჯიოევას ინაუგურაცია კანონიერია და ის შედგება, თუმცა ამას რა შედეგები მოჰყვება, მისთვის რთული სათქმელია. ცხოვრებოვის აზრით, კრემლში ვიღაცას აწყობს, რომ სამხრეთ ოსეთში ანტირუსული განწყობები გაჩნდეს.

ალა ჯიოევა
ალა ჯიოევა

„ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში იგი ამბობს, რომ სამხრეთ ოსეთი დოტაციური სახელმწიფოა და მთლიანად რუსეთიდან ფინანსდება, ამიტომ თუ ჯიოევას ნაბიჯის გამო დაფინანსება შეწყდება, რთული სათქმელია, რა მოხდება. მისი თქმით, კრემლი ეცდება, რომ ხელისუფლებაში ისეთი კადრი მოიყვანოს, რომელიც თავიდან ბოლომდე მართული იქნება, ჯიოევას შემთხვევაში კი ეს შეუძლებელი იქნებოდა.

დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მე–2 ტურში, რომელიც გასული წლის 27 ნოემბერს გაიმართა, ალა ჯიოევამ კრემლის ფავორიტი ანატოლი ბიბილოვი დიდი უპირატესობით დაამარცხა, მაგრამ თვითაღიარებული რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ შედეგები ბათილად გამოაცხადა. პარლამენტმა კი განმეორებითი არჩევნები 25 მარტს დანიშნა.

ამ გადაწყვეტილებას ცხინვალელების პროტესტი მოჰყვა, ათასობით ადამიანი ქალაქის ცენტრში გამოვიდა და ჯიოევას გამარჯვების აღიარებას მოითხოვდა. ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ სისხლისღვრა თითქმის გარდაუვალი იყო, მაგრამ საქმეში კრემლის წარმომადგენელი სერგეი ვინოკუროვი ჩაერია და მისი შუამავლობით ოპოზიციასა და კოკოითის ხელისუფლებას შორის შეთანხმება გაფორმდა.

შეთანხმების მიხედვით, უნდა გადამდგარიყო დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი, ასევე, თანამდებობები უნდა დაეტოვებინათ გენერალურ პროკურორსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, უნდა შეწყვეტილიყო ოპოზიციის მომხრეების დევნა და ჯიოევას თანამებრძოლებისთვის მთავრობაში პოსტები უნდა მიეცათ, სანაცვლოდ ალა ჯიოევა მიტინგს დაშლიდა და მარტის არჩევნებში მონაწილეობას დათანხმდებოდა.

ჯიოევამ განაცხადა, რომ კრემლის წარმომადგენელმა, სერგეი ვინოკუროვმა  მწარედ მოატყუა და იძულებული გახდა, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმებიდან გასულიყო. იგი მიიჩნევს, რომ შეთანხმება არ შესრულდა, რადგან თანამდებობები კოკოითის ნათესავებმა, გენ. პროკურორმა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, პარლამენტის გადაწყვეტილებით შეინარჩუნეს, ამიტომ შეთანხმებიდან საკუთარი ხელმოწერა უკან წაიღო და ინაუგურაციაც დანიშნა.

ალა ჯიოევამ დე ფაქტო რესპუბლიკის ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებს მიმართვა გაუგზავნა და ინაუგურაციის მონაწილეების უსაფრთხოების დაცვა მოსთხოვა. მიმართვაში ნათქვამია, რომ 25 მარტის განმეორებითი არჩევნები ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება და ქვეყანა საერთაშორისო დონეზე ავტორიტეტს ვეღარასოდეს დაიბრუნებს, რადგან სასამართლოს და პარლამენტის უკანონო გადაწყვეტილებები რესპუბლიკას ნამდვილი დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის შანსს უკარგავს. ერთადერთ ისტორიულ შანსად კი ის რჩება, რომ 2011 წლის ნოემბერში კანონიერად არჩეულ პრეზიდენტს ძალაუფლება გადაეცეს.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ცხინვალში მიმდინარე პროცესების შეფასებისას ამბობს, რომ  ჯიოევამ საკუთარი შანსი ხელიდან მაშინ გაუშვა, როცა ხელისუფლებასთან შეთანხმების ხელმოწერას დათანხმდა, ახლა კი მისი ნაბიჯები ვა ბანკზე წასვლას ჰგავს:

„არ გამოვრიცხავ, რომ ჯიოევა მიდის ვა ბანკზე, რათა გაამართლოს თავისი არმონაწილეობა მარტის არჩევნებში. როგორც 26 მაისს ნინო ბურჯანაძე წავიდა ასეთ ვა ბანკზე, ანუ წავიდეს ისეთ გამომწვევ ნაბიჯზე, რომ შემდეგ თავი იმართლოს, თუ რატომ არ მონაწილეობს არჩევნებში“.

რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ჯიოევას შტაბმა ინაუგურაციაზე სტუმრების მოწვევა უკვე დაიწყო.

თვითაღიარებული რესპუბლიკის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კი კანდიდატების რეგისტრაცია მიმდინარეობს. პრეზიდენტობის სურვილს ის ადამიანებიც გამოთქვამენ, რომლებმაც დეკემბრის აქციებზე მხარდაჭერა ალა ჯიოევას გამოუცხადეს, ამიტომ, ანალიტიკოსების აზრით, ჯიოევას მომხრეების რაოდენობა ყოველდღიურად მცირდება და მისი საინაუგურაციო ნაბიჯიც დაგვიანებულად მიაჩნიათ.

მასალა მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – “რეგიონული საკითხების გაშუქება” – ფარგლებში. მასალის შინაარსი არ გამოხატავს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს და მასზე მთლიანად პასუხისმგებელია გაზეთი “ბათუმელები” | ნეტგაზეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი