ახალი ამბები

ფიზიკური დაპირისპირება ყოფილ თანაპარტიელებს შორის

28 ივნისი, 2016 •
ფიზიკური დაპირისპირება ყოფილ თანაპარტიელებს შორის

პოლიტიკური პლატფორმა “ახალი საქართველოს” მარნეულის შტაბის წევრები, რომლებმაც ნაციონალური მოძრაობა დატოვეს და გიორგი ვაშაძეს შეუერთდნენ, ყოფილ პარტიელებს ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებენ.

კარმან მამედოვის განცხადებით,  26 ივნისს “ახალი საქართველოს” მიერ მარნეულში დაგეგმილ ღონისძიებაზე ენმ-ის წევრის მხრიდან მოსალოდნელ პროვოკაციაზე შეიტყო და ამის შესახებ პოლიციაში განაცხადა. განცხადების დაწერიდან ერთ საათში კი მასთან რაკიმ ასკემოვი, ენმ-ის წევრი მივიდა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მოგვიანებით, ასევე ენმ-ის დეპუტატი აზერ სულეიმანოვი დაუკავშირდა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

“ის მეუბნებოდა, რომ მე უნდა დავტოვო ეს პარტია და დავბრუნდე ნაციონალურ მოძრაობაში. მათ იციან, რომ მარნეულში ისინი არჩევნებს წააგებენ და ამიტომ გვემუქრებიან. მოგვიწოდებენ, მოვხსნათ კანდიდატურები,” – აცხადებს მამედოვი.

როგორც პარტიაში აცხადებენ, სულეიმანოვი მოკვლით დაემუქრა ფუად კახრამანოვსაც, “ახალი საქართველოს” კიდევ ერთ წევრს.

“ახალი საქართველოს” წევრების ბრალდებებს ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის წევრი, სერგო რატიანი სიცრუედ მიიჩნევს. მისი თქმით, გიორგი ვაშაძის მიერ დაარსებულ პოლიტიკურ პლატფორმას საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოხვედრა სურს.

“ვაშაძეს და მის კანდიდატებს სურთ, რომ საზოგადოების ყურადღება მიიქციონ, სხვას ვერაფერს მივაწერ ამ განცხადებას. მსგავსი რამ არ შეიძლება მომხდარიყო. სულეიმანოვი არის არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც იცავს ადგილობრივების უფლებებს და ის უყვარს ყველას განურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა. ამიტომ გამოვრიცხავ მსგავს რამეს,” – აცხადებს რატიოანი.

საქმეზე გამოძიებას შსს სსკ-ის 125-ე მუხლით აწარმოებს, რაც ცემას გულისხმობს. კარმან მამედოვის თქმით, პოლიციამ ის უკვე დაკითხა. შესაბამისი უწყება გაეგზავნათ ენმ-ის წევრებსაც. შსს-ში აცხადებენ, რომ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და ყველა მხარე სრულყოფილად დაიკითხება.

მასალების გადაბეჭდვის წესი