საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ანა დოლიძე საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე დანიშნა.
პრეზიდენტის განცხადებით, ანა დოლიძის ერთ-ერთი პირველი დავალება იქნება, რომ დაარწმუნოს პარლამენტის წევრები, დაამტკიცონ ნონა თოდუასა და თამარ ლაილაშვილის კანდიდატურები უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოზიციებზე.
ანა დოლიძე, ნონა თოდუა და თამარ ლალიაშვილი პრეზიდენტმა პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად რამდენიმე თვის წინ წარუდგინა. პარლამენტმა სამივე მათგანის კანდიდატურა ჩააგდო. პრეზიდენტმა ორი მათგანის, ლალიაშვილისა და თოდუას კანდიდატები კიდევ ერთხელ წარუდგინა პარლამენტს და იმედი გამოთქვა, რომ მათ სწორედ მერვე მოწვევის პარლამენტი დაამტკიცებდა.
„რამდენიმე თვის წინ, მე წარვადგინე მოსამართლის სამი კანდიდატურა პარლამენტში დასამტკიცებლად და მოხდა ისე, რომ პარლამენტმა არ დაამტკიცა ჩემს მიერ წარმოდგენილი კანდიდატურები. სამივე კანდიდატურა – თამარ ლალიაშვილი, ნონა თოდუა და ანა დოლიძე უმაღლესი კვალიფიკაციის იურისტები არიან და პარლამენტში არცერთი პოზიცია მათ წინააღმდეგ არ დაფიქსირებულა.ამასთან, განსაკუთრებით რთულ ვითარებაშია ჩვენი უზენაესი სასამართლო, სადაც ფაქტიურად ვეღარ ფუნქციონირებს სისხლის სამართლის კოლეგია, იმიტომ რომ იქ მოსამართლეები არ არიან.
ქალბატონი ანა ახლა უკვე შეეცდება დაარწმუნოს დეპუტატები, მათ უნდა მიიღონ ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მინდა ასევე გამოვთქვა იმედი, რომ მოსამართლეთა დამტკიცების გადაწყვეტილებას მიიღებს სწორედ მერვე მოწვევის პარლამენტი. ჩვენ ინფორმირებული ვართ, რომ პარლამენტი სექტემბერში აპირებს შეკრებას. თუ სექტემბრამდე საჭირო იქნება სხდომის ჩატარება, მე მზად ვარ, მხარი დავუჭირო საგანგებო სხდომის მოწვევას და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას პარლამენტი შესაბამისი ინტერესით მოეკიდება და იმედი მაქვს ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა ასევე გააკეთა განცხადება ნონა თოდუას მიერ გაკეთებულ ჰომოფობიურ განცხადებებთან დაკავშირებით.
“მე მიმაჩნია, რომ განცხადებები, რომელიც გაკეთდა ამ მიმართულებით, იყო სავსებით კორექტულობის ფარგლბში და ამასთან ერთად, საუბარი იყო იმის თაობაზე, რომ ეს არის პირადი შეხედულება, რომელიც არ გადავა მოსმაართლეობრივ საქმიანობაში, პირადი შეხედულება თავისუფალ ქვეყანაში შეიძლება ყველას ჰქონდეს, მაგრამ სამართალი არის კიდევ სხვა სფერო, რომელშიც, ბუნებრივია, მე არაერთხელ მოვისმინე განმარტებები ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ეს პირადი შეხედულებები არ იქნება სამომსამართლო საქმიანობის ნაწილი,”- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ნონა თოდუამ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენების პერიოდში ჰოჰოსექსუალობასთან დაკავშირებით ასეთი განცხადება გააკეთა:
“ყველა თანხმდება იმაზე, რომ ეს არ არის მორალის შესაბამისი ქმედება. აქდან გამომდინარე, ეს არის ადამიანისთვის ნაკლი”.