ახალი ამბები

ანა დოლიძემ თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტი დატოვა

27 ივნისი, 2016 • 1548
ანა დოლიძემ თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტი დატოვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა დოლიძემ თანამდებობა დატოვა – ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

მათივე განცხადებით, ანა დოლიძე საკუთარი განცხადების საფუძველზე გადადგა. სამინისტროს პრესსამსახურში მეტ დეტალზე არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ დღის მეორე ნახევარში ამ საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართება.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დოლიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადადის სამუშაოდ, თუმცა ადმინისტრაციის პრესსამსახურში ნეტგაზეთს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურეს. ამასთანავე, ადმინისტრაციის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ დღეს ბრიფინგი გაიმართება. თუ რა თემაზე, ჯერ ცნობილი არ არის.

ანა დოლიძე თავდაცვის მინისტრის მოადგილედ 2015 წლის მაისიდან, თინა ხიდაშელის მინისტრად დანიშვნის შემდეგ მუშაობს. თავდაცვის მინისტრის მოადგილეობის პერიოდში გიორგი მარგველაშვილმა იგი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად წარადგინა, თუმცა მისი კადიდატურა პრალამენტმა ჩააგდო.

მასალების გადაბეჭდვის წესი