ნეტგაზეთი | მორიგ პრაიმერში კვლავ მიტ რომნი ლიდერობს მორიგ პრაიმერში კვლავ მიტ რომნი ლიდერობს – Netgazeti
RU | GE  

მორიგ პრაიმერში კვლავ მიტ რომნი ლიდერობს

პრაიმერში გამარჯვებული 64 წლის მიტ რომნი გარდა იმისა, რომ მასაჩუსეტსის ყოფილი გუბერნატორია,  წარმატებული ბიზნესმენიც არის. მან დააარსა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინვესტიციო ფირმა „ბეინ კეპიტალი“. რომნი არჩევნებში უკვე მონაწილეობდა 2008 წელს, მაგრამ მაშინ რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი ჯონ მაკკეინი გახდა.

გამოცემა New York Times-ის ინფორმაციით, აშშ–ში, ფლორიდის შტატში, გამართულ მორიგ პრაიმერში მასაჩუსეტსის ყოფილმა გუბერნატორმა, “რესპუბლიკელმა” მიტ რომნიმ გაიმარჯვა.

აღნიშნულ პრაიმერში მიტ რომნი ხმათა 46,4 პროცენტით პირველ ადგილზე გავიდა. რაც შეეხება მის კონკურენტებს, ნიუტ გინგრიჩმა – 31,9 პროცენტი, ხოლო რონ პოლიმ 7 პროცენტი აიღო.

პრაიმერში გამარჯვებული 64 წლის მიტ რომნი გარდა იმისა, რომ მასაჩუსეტსის ყოფილი გუბერნატორია,  წარმატებული ბიზნესმენიც არის. მან დააარსა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინვესტიციო ფირმა „ბეინ კეპიტალი“. რომნი არჩევნებში უკვე მონაწილეობდა 2008 წელს, მაგრამ მაშინ რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი ჯონ მაკკეინი გახდა.

მიტ რომნი არაერთხელ გამოსულა კრიტიკულად პრეზიდენტ ბარაკ ობამას ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ. მის რიტორიკაში იგრძნობა ამერიკული კონსერვატიზმი.

“დღევანდელი მთავარი უბედურება არის უმუშევრობა, სახლების დაკარგვა და გაკოტრება. ეს არის ობამას უბედურების ინდექსი, რომელმაც უკვე რეკორდულ დონეს მიაღწია. ამერიკელებისთვის სამუშაოს დაბრუნება, ლაპარაკზე უფრო მეტად ქმედება და ახალი პრეზიდენტი სჭირდება,“ – განაცხადა რომნიმ ერთ–ერთ გამოსვლაში.

აღსანიშნავია რომ მიტ რომნიმ გამარჯვება თავდაპირველად ნიუ-ჰემპშირის შტატში მოიპოვა, თუმცა 21 იანვარს სამხრეთ კაროლინაში გამართული რესპუბლიკური პრაიმერი წააგო. მან მხოლოდ 27 პროცენტის დაგროვება მოახერხა, ხოლო შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა, ნიუტ გინგრიჩმა ხმების 40 პროცენტი მოიპოვა.

მაშინ ანალიტიკოსები თვლიდნენ, რომ მიტ რომნი სამხრეთ კაროლინის პრაიმერს ადვილად მოიგებდა, თუმცა მის წინააღმდეგ ძლიერი კამპანია დაიწყო და ამან მიტ რომნის ფინანსური საკითხები ეჭვქვეშ დააყენა.

თუმცა ფლორიდის შტატის პრაიმერში გამარჯვებამ მას კვლავ დაუბრუნა ლიდერის სტატუსი.

შეგახსენებთ, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2012 წლის 6 ნოემბერს გაიმართება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ოთო დალაქიშვილი