ახალი ამბები

გიგი უგულავას პასუხი ომბუდსმენის რეკომენდაციაზე

31 იანვარი, 2012 • 969
გიგი უგულავას პასუხი ომბუდსმენის რეკომენდაციაზე

გიგი უგულავა პასუხობს სახახლო დამცველის რეკომენდაციას, რომელშიც თბილისის მერს მოქალაქე დარეჯან წიკლაურისათვის საცხოვრებელი ფართის პრივატიზებაზე უარის თქმის შესახებ დიდგორის რაიონის გამგეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესწავლას ითხოვდა.

“დაბა წყნეთში, გრიშაშვილის ქ. #20-ში, მდებარე შენობა წარმოადგენდა  ყოფილი  სამკერვალო ფაბრიკის საერთო საცხოვრებელს, რომელშიც შრომითი ურთიერთობის საფუძველზე შესახლებული იქნა ქალბატონი დარეჯან წიკლაური, როგორც  აღნიშნული ფაბრიკის თანამშრომელი.

კანონმდებლობის შესამაბისად, საცხოვრებელი ფართობი საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა მოსარგებლეს, რომელსაც გააჩნია სათანადო დოკუმენტაცია(არასაცხოვრებელი ფართობის შიდასაკადასტრო აზომვითი ნახაზი, სადაც მითითებულია კანონიერ სარგებლობაში გადაცემული  ფართობის ოდენობა).

კანონიერი სარგებლობის დოკუმენტად დარეჯან წიკლაურს წარმოდგენილი ჰქონდა  შრომითი ურთიერთობის საფუძველზე  გაცემული ორდერი, რომელშიც  მითითებულია   საერთო საცხოვრებლის  მთლიანი  ფართი  610 კვ.მ. აღნიშნულ დოკუმენტში არ ფიქსირდება, თუ რა ფართობზე გააჩნია მას კანონიერი სარგებლობის უფლება. დოკუმენტში არ არის მითითებული ასევე არანაირი მონაცემი (სართული, ოთახის ნომერი და ა.შ), რომელიც შესაძლებელს გახდიდა საცხოვრებელი ფართობის ზუსტ იდენტიფიკაციას.

დარეჯან წიკლაურის მიერ წარმოდგენილი ორდერი არ ადასტურებს მის მიერ მოთხოვნილ საცხოვრებელ ფართობზე კანონიერი სარგებლობის უფლების ფაქტს, ორდერით არ დგინდება არც საცხოვრებელი ფართობის მდებარეობა შენობაში და არც მისი მოცულობა. შესაბამისად, დიდგორის რაიონის გამგებლის ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია შესაბამისი კანონმდებლობის სრული დაცვით.

მიუხედავად იმისა, რომ ვერ მოხერხდა აღნიშნული საცხოვრებელი ფართის პრივატიზება, თბილისის მერიამ ქალბატონ დარეჯან წიკლაურს შეთავაზა მის მიერ ფაქტობრივად დაკავებული საცხოვრებელი ფართი პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად – 1 ლარად საკუთრებაში გადაცემა, რაზეც მოქალაქემ, წინასწარი თანხმობის მიუხედავად, საბოლოოდ  უარი განაცხადა.”-ნათქვამია თბილისის მერის საპასუხო წერილში.

მასალების გადაბეჭდვის წესი