ახალი ამბები

სამედიცინო უნივერსიტეტში ახალი პროექტის პილოტირება იწყება

31 იანვარი, 2012 • 1173
სამედიცინო უნივერსიტეტში ახალი პროექტის პილოტირება იწყება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე აკადემიური პერსონალის გადამზადების ცენტრი გაიხსნება.

პროექტის პრეზენტაცია სამდღიანი საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინიც ესწრებოდა.

აღნიშნული ინიციატივა ევროკავშირის პროგრამა TEMPUS-ის მიერ დაფინანსებული თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროექტის –“სამედიცინო განათლების მოდერნიზაცია ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნებში”– ფარგლებში ხორციელდება.

უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები სტაჟირებას ევროპის წამყვან სამედიცინო ცენტრებში გაივლიან და სამედიცინო განათლების თანამედროვე მეთოდოლოგიას ახალი პროგრამებითა და სახელმძღვანელოებით შეისწავლიან.

პროექტს კოორდინაციას  ლიდსის უნივერსიტეტი (ბრიტანეთი) უწევს და მასში 7 ქვეყნის 10 წამყვანი უნივერსიტეტია ჩართული.

ახალი მოდელის პილოტირება  საქართველოში დაიწყება და შემდეგ უკრაინისა და აზერბაიჯანის უმაღლეს სასწავლებლებში გავრცელდება.

“სამწლიანი პროექტის მიზანია ევროპული სტანდარტების შესაბამისი დიპლომამდელი სამედიცინო განათლების ახალი მოდელის შემუშავება და დანერგვა ევროკავშირის სამეზობლო ქვეყნებში (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი). პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროპის საგანმანათლებლო და კვლევით სივრცეში ქართული უნივერსიტეტის ინტეგრაციას და მისი კურსდამთავრებულების მაღალი კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფას”– ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებ–გვერდზე.

პროექტის კონფერენციის ჩამოყალიბებაზე საქართველოს პარლამენტის, თბილისის მერიის, სამინისტროების წარმომადგენლები, რექტორები და უცხოური უნივერსიტეტების 40-მდე წარმომადგენელი მუშაობდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი