ახალი ამბები

“თავისუფალი დემოკრატების” ხედვა განათლების რეფორმირებაზე

23 ივნისი, 2016 • 1409
“თავისუფალი დემოკრატების” ხედვა განათლების რეფორმირებაზე

დღეს, 23 ივნისს, “თავისუფალმა დემოკრატებმა” განათლების პოლიტიკის პრეზენტაცია გამართეს, რომლის მიხედვითაც, განათლება უნდა გახდეს ხარისხიანი და ყველასათვის ხელმისაწვდომი.

“თავისუფალი დემოკრატების” ხედვა, სახელწოდებით “განათლების სისტემის ტრანსფორმაციისა და განვითარების ხედვა”, ძირითადად აგებულია სტრატეგიულ მიმართულებაზე, რისი განხორციელებაც მათ სურთ.

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასნიამ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ განათლების პოლიტიკა არის ის, რაზეც უნდა დაეფუძნოს საქართველოს მომავალი და განვითარება.

“ჩვენ გვაქვს პოლიტიკური ნება, რომ ეს რეფორმა განვახორციელოთ და ფრთები შევასხათ”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

“თავისუფალი დემოკრატების” წევრმა ალუდა გოგლიჩიძემ, რომელიც განათლების ამ სტარტეგიაზე მუშაობდა, განაცხადა, რომ მათი მიდგომა მოიაზრებს სიღრმისეულ რეფორმებს და შედეგზე ორიენტირებულ ცვლილებებს.

გოგლიჩიძის თქმით, განათლება უნდა გახდეს ქვეყნის განვითარების და თითოეული ადამიანის ღირსეული ცხოვრების წინაპირობა.

“საერთოდ უნდა შეიცვალოს განათლების სისტემის ფუნქცია. ის არ უნდა იყოს უბრალოდ დიპლომების გაცემის მექანიზმი, ის უნდა იყოს რეალური დასაქმების წინაპირობა”, – ამბობს გოგლიჩიძე.

ალუდა გოგლიჩიძის განმარტებით, რეფორმა განხორციელდება სისტემაში მომუშავე ადამიანების ძალიან აქტიური მონაწილეობით და ყველა გარე ინტერესთა ჯგუფის ჩართულობით. მისი თქმით, რეფორმები იქნება ქმედითი, გააზრებული და არ იქნება თავს მოხვეული მოსახლეობისთვის.

გოგლიჩიძის თქმით, მათი ხედვის მიზანია, რომ განათლების დაფინანსება მთლიან შიდა პროდუქტში სულ მცირე 4%-მდე გაიზარდოს.

“თავისუფალი დემოკრატები” მიიჩნევენ, რომ განათლების სიტემის მიზანი უნდა იყოს ადამიანი და მისი პოტენციალის განვითარება, რომლის დროსაც ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდა საშუალებაა და არა მიზანი.

“თავისუფალი დემოკრატების” აზრით, განათლებამ უნდა შეიტანოს წვლილი ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცებსა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში, მოსახლეობის სოციალური კეთილდღეობის, ეკოლოგიური ინტერესების დაცვით ეკონომიკის განვითარებაში, კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და ქვეყნის საერთაშორისო ინტეგრაციაში, საზოგადოებაში თანაარსებობის არაძალადობრივი პრინციპების დამკვიდრებასა და მშვიდობის მშენებლობაში.

“თავისუფალი დემოკრატების” ხედვის მიხედვით, საჭიროა ხარისხიანი პროფესიული და უმაღლესი განათლება, ასევე, განათლების ისეთი ფორმები, როგორიც არის სამუშაო ადგილზე განათლების მიღება, პროფესიული ტრენინგები და მომუშავეთა კვალიფიკაციის გაუმჯობესება.

“თავისუფალი დემოკრატები” საუბრობენ იმის შესახებ, რომ რეპეტიტორების არსებობა საგაკვეთილო პროცესში იწვევს განათლების ხელმისაწვდომობის დეფიციტს, რაც მძიმე ტვირთად აწვება მშობლებსა და ოჯახებს.

რეფორმის მთავარი პრიორიტეტი იქნება სისტემის სხვადასხვა საფეხურს (დაწყებითი, საშუალო უმაღლესი, პროფესიული განათლება, მეცნიერება) შორის ლოგიკური ურთიერთკავშირის არსებობა, მთლიანი სისტემის განვითარება და არა მისი ცალკეული მიმართულებების რეფორმირება.

პარტიის ხედვის ნაწილია ისიც, რომ განათლების მიღების საშუალება ჰქონდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანს მთელი სიცოცხლის მანძილზე, რათა ჰქონდეს უკეთესი მომავლის რწმენა.

“თავისუფალი დემოკრატები” მხარს არ უჭერენ განათლების სისტემის ცენტრალიზებულობას და მიაჩნიათ, რომ ერთი ადამიანის, მინისტრის ხელში არ უნდა იყოს თავმოყრილი ძირითადი ძალაუფლება. რადგან ასეთი სისტემა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია სუბიექტურ ფაქტორებზე.

მათი აზრით, უნდა შეიქმნას განათლების სამინისტროს დონეზე მართვის კოლეგიური ორგანო – განათლების მართვის საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ განათლების ხუთივე სექტორის მიმართულებით მომუშავე სამთავრობო, არასამთავრობო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლები.

“თავისუფალი დემოკრატების” ხედვის ნაწილია განათლების სისტემის დემოკრატიზაციის მიზნით მართვის სისტემის დეცენტრალიზაცია, რაც გულისხმობს რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლებების როლის ზრდას და საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომიურობის ხარისხის ზრდას.

ხედვის მიხედვით, განათლების სისტემის ღიაობის, გამჭვირვალობისა და ანაგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით უნდა დაარსდეს განათლების განვითარების ყოველწლიური კონფერენცია, რომლის ფარგლებშიც უნდა შეაჯამონ სისტემის მუშაობა და სამომავლო გეგმები.

მასალების გადაბეჭდვის წესი