ახალი ამბები

წერილი ამერიკის ელჩს

30 იანვარი, 2012 • 1409
წერილი ამერიკის ელჩს

დღეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში ორგანიზაციებმა– მოძრაობა “რატომ?”, მოძრაობა “არა” და მოძრაობა “ივერიელები”– სპეციალური განცხადება მიიტანეს.

“ეს არ არის საპროტესტო აქცია. შევიკრიბეთ რამოდენიმე ადამიანი იმისთვის, რომ მოვუწოდოთ ელჩს, ბატონ ჯონ ბასს, რომ მიაწოდოს ინფორმაცია ბარაქ ობამას იმის შესახებ, თუ რა ხდება საქართველოში სინამდვილეში. პენიტენციალურ სისტემაში არსებული პრობლემების შესახებ, მედიაწნეხების, ელიტარული კორუფციის და იმის შესახებ, რომ ქვეყანა სოციალური კრიზისის ზღვარზეა”, –  განაცხადა ერთ–ერთმა ორგანიზატორმა, ზაზა სვანაძემ.

ორგანიზატორების თქმით, სპეციალურ განცხადებაში სწორედ იმ პრობლემებზეა საუბარი, რაც დღეს საქართველოში ყველაზე მწვავედ დგას.

მოძრაობა “ივერიელების” ხელმძღვანელის, ლევან კოჭლოშვილის განცხადებით, ისინი იმედს იტოვებენ, რომ ამერიკის დახმარებით საქართველოს დემოკრატიული განვითარების საშუალება მიეცემა:

“ჩვენ გვინდოდა, მიხეილ სააკაშვილის და ბარაკ ობამას შეხვედრამდე ინფორმაცია გადაგვეცა ამერიკის საელჩოსთვის იმის შესახებ, რომ საქართველოში არ არის დამოუკიდებელი სასამართლო, მთავრობასთან დაახლოებული პირები აკონტროლებენ ბიზნესს და ახდენენ მონოპოლიზაციას, გვყავს უამრავი პოლიტიკური პატიმარი. ჩვენ მადლიერებას გამოვხატავთ იმის გამო, რომ ამერიკა ამდენი წელია ეხმარება საქართველოს და მილიარდობით ლარი აქვს გამოყოფილი ამისთვის, თუმცა გვინდა, რომ უფრო მეტი ღონისძიებები გატარდეს იმისთვის, რომ ქვეყანას ჰქონდეს დემოკრატიული განვითარების საშუალება”

მოძრაობის წევრები განცხადების დატოვებიდან რამდენიმე წუთში დაიშალნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი