ახალი ამბები

პოლიციის რეფორმის ერთ-ერთი ავტორი “ქართული ოცნებაში”

30 იანვარი, 2012 • 2289
პოლიციის რეფორმის ერთ-ერთი ავტორი “ქართული ოცნებაში”

ლევან იზორია
ლევან იზორია

“ქართული ოცნების” თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების თემატური ჯგუფის მართლწესრიგისა და უსაფრთხოების ქვეჯგუფის ხელმძღვანელად პოლიციის რეფორმის კონცეფციის ერთ-ერთი ავტორი, ლევან იზორია დაინიშნა.

ლევან იზორია 2004-2006 წლებში შსს-ს პოლიციის აკადემიის რექტორად მუშაობდა. მის სახელს უკავშირდება პატრულის სამსახურის ჩამოყალიბება საქართველოში. 2003 წლიდან იზორია შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირებაზე მუშაობდა, ის პოლიციის სტრატეგიული გავითარების კონცეფციის ავტორია. იზორიამ თანამდებობა 2006 წელს დატოვა.

“შსს-დან წამოვედი იმიტომ, რომ ის კონცეფცია, რომელიც მოვამზადეთ და უნდა განხორციელებულიყო, განხორციელდა ძალიან ფრაგმენტულად, შემოიფარგლა მხოლოდ პატრულის რეფორმით. ეს იყო იმ კონცეფციის მხოლოდ 20 %. ჩემს რესურსს ვეღარ ვხედავდი იქ იმიტომ, რომ თავიდანვე, როდესაც რეფორმების კომისიის ხელმძღვანელად გნიშნავენ და როდესაც მინისტრს ეუბნები, რომ ესა და ეს არის კიდევ გასაკეთებელი და გპასუხობს, რომ ამის დრო ჯერ არ არის, ბუნებრივია, ვერ დავრჩებოდი,”- ამბობს ლევან იზორია ნეტგაზეთთან საუბარში.

2006 წლიდან 2009 წლამდე იზორია გერმანიის ქალაქ შპაიერის სახელმწიფო მართვის უმაღლესი სკოლის პროფესორ-მკვლევრად მუშაობდა. 2009 წლიდან კი ირაკლი ალასანიას პოლიტიკურ გუნდში, “თავისუფალ დემოკრატებში” გაწევრიანდა.
ლევან იზორია დღეს “ქართულმა ოცნებამ” თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების თემატური ჯგუფის მართლწესრიგისა და უსაფრთხოების ქვეჯგუფის ხელმძღვანელად დაასახელა.

“ჩვენი ჯგუფის პრიორიტეტია ერთხელ და სამუდამოდ შსს გათავისუფლდეს პოლიტიკური წნეხისგან. მოგეხსენებათ, რომ ეს სამინისტრო წარმოადგენს ამ ხელისუფლების გახანრგძლივების მთავარ ინსტრუმენტს, ამიტომ ძირშივე უნდა აღიკვეთოს ის, რომ პოლიტიკა არ უნდა ერეოდეს პოლიციელების საქმეში.

2010 წელს ჟურნალ “ლიბერალში” ლევან იზორია სტატიაში “ეჭვის ზღვარზე” სწორედ პოლიციის დეპარტამენტის დამოუკიდებლობის საკითხზე წერს. მისი აზრით, “შსს-ს მინისტრი, როგორც პოლიტიკური ფიგურა, არ არის პოლიციისგან გამიჯნული. არ არსებობს დამოუკიდებელი პოლიციის დეპარტამენტი, რომელიც პოლიტიკური ზეწოლისაგან თავისუფალი იქნება და თავის საქმიანობაში მხოლოდ პროფესიული ნიშნით იმოქმედებს. ასეთი ტიპის ცვლილებები ჯერ კიდევ 2005 წელს ეუთოს მისიამ მოამზადა. თუმცა ის დღემდე არ გაუთვალისწინებია ხელისუფლებას.”

ლევან იზორია “თავისუფალი დემოკტრატების” შსს-ს რეორგანიზაციისა და პოლიციის დეპოლიტიზაციის პროექტის “დაცული მოქალაქე – დაცული პოლიციელი” ავტორიცაა. ეს პროექტი პარტიამ ერთი წლის წინ  წარმოადგინა.

“ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა. უფრო მეტი დაზუსტება დეტალების საზოგადოების ჩართულობის შემდეგ მოხდება. ჩვენი მუშაობის შედეგებს ახლო მომავალში საზოგადოების ფართო წრეს გავაცნობთ. ჩვენ პროფესიონალებთან და აკადემიური წრის წარმომადგენლებთან ერთად ჩამოვაყალიბებთ ძირითად თეზისებს, თუ როგორ ვხედავთ შსს-ს სისტემის რეფორმას. მოქალაქეებს რომ ჰქონდეთ ჩართულობის განცდა, მათ წინადადებებსაც გავითვალსიწინებთ. ჯგუფის პრინციპი იქნება საზოგადოებრივი მოძრაობის ფარგლებში ჩავრთოთ საზოგადოების რაც შეიძლება დიდი ნაწილი. ვინაიდან ინტერესი ძალიან დიდია და აქ მონაწილეობის სურვილიც, კარები ყველა დაინტერესებული პირისთვის იქნება ღია,”-ამბობს იზორია “ქართული ოცნების” თემატური ჯგუფის პრეზენტაციაზე, რომელიც დღეს გაიმართა.

აღნიშნული თემატური ჯგუფი ორ მიმართულებას – თავდაცვის პოლიტიკასა და მართლწესრიგსა და უსაფრთხოებას– აერთიანებს. თემატური ჯგუფის ხელმძღვანელი კი ირაკლი სესიაშვილია. ხოლო მართლწესრიგისა და უსაფრთხოების მიმართულებას ლევან იზორია უხელმძღვანელებს.

თემატური ჯგუფის წარმომადგენლების განცხადებით, “ჯგუფის მიზანია თავდაცვისა და უსაფრთხოების ისეთი პოლიტიკისა და სისტემის შემუშავება, რომელიც ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების იდენტიფიცირებას უზრუნველყოფს და მათი გადაჭრის კონკრეტულ გზებს დასახავს”.

თუმცა “ქართული ოცნების” აღნიშნულ თემატურ ჯგუფს სამუშაო კონცეფცია ჯერ არ გააჩნია. ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, ის მომზადების პროცესშია.

მასალების გადაბეჭდვის წესი