ახალი ამბები

დევნილების აქცია აჭარის მთავრობასთან

30 იანვარი, 2012 • 1025
დევნილების აქცია აჭარის მთავრობასთან

აქცია ბათუმში, ზურაბ ბაუჟაძის ფოტო
აქცია ბათუმში, ზურაბ ბაუჟაძის ფოტო

ბათუმში, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის წინ, აჭარაში მცხოვრები დევნილები აქციას მართავენ. მათ ამ წუთებში ხვდებიან საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის  წარმომადგენლები ზუგდიდის ოფისიდან. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის, პარმენ ჯალაღონიას ინფორმაციით, “მისია თვითონ დაუკავშირდა დევნილთა წარმომადგენლებს. მათ აინტერესებთ როგორც დევნილების ზოგადი მდგომარეობა, ისე მათი ამჟამინდელი მოთხოვნები.

დევნილებმა 27 იანვარს ბათუმის მერიაში შეიტანეს განცხადება, რომლის მიხედვით ისინი ბათუმის დრამატულ თეატრთან პირველი თებერვლიდან პირველ მარტამდე პერმანენტული აქციების გასამართად ნებართვას ითხოვენ.

შეტყობინებაში წერია, რომ დევნილები იწყებენ შიმშილობას. თავდაპირველად მოშიმშილეები გეგმავენ ერთი კარვის გაშლას, ხოლო 5 თებერვლიდან ვარაუდობენ, რომ შეიძლება მათ ხუთი კარვის გაშლა დასჭირდეთ.

ამ აქციით ისინი 2006 წელს აჭარაში არსებული სასტუმროებიდან გამოსახლების დროს დაზარალებული დევნილებისთვის ყურადღების მიქცევას ითხოვენ. როგორც ცნობილია, მაშინ სასტუმროებიდან გამოსახლებულ დევნილებს 7 ათასი დოლარი გადაუხადეს, რაც არასაკმარისი იყო საკუთრების შესაძენად. ეს დევნილები დღემდე ან ქირაობენ საცხოვრებელ ბინას, ან გირით ცხოვრობენ.

მთავრობასთან მიმდინარე აქციის ორგანიზატორების თქმით, ეს აქცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ დაიშლება. აქცია პირველი თებერვლიდან გაგრძელდება შეტყობინებაში ასახული პირობებით.

აქცია ბათუმში, ზურაბ ბაუჟაძის ფოტო
აქცია ბათუმში, ზურაბ ბაუჟაძის ფოტო

მასალების გადაბეჭდვის წესი