ახალი ამბები

საბერძნეთი გერმანიის გეგმის წინააღმდეგ

29 იანვარი, 2012 • 963
საბერძნეთი გერმანიის გეგმის წინააღმდეგ

საბერძნეთის მთავრობა უარს აცხადებს გერმანიის მიერ შეთავაზებულ გეგმაზე, რომლის მიხედვით საბერძნეთმა ევროკავშირის სპეციალურ კომისარს, საბერძნეთის სახელმწიფო გადასახადების კონტოლის უფლება უნდა მიანიჭოს.

ათენი აცხადებს, რომ საბერძნეთის მთავრობას საკუთარი ბიუჯეტის კონტროლი თავადვე შეუძლია.

დოკუმენტი, რომელიც ოფიციალურად არ იყო გასაჯაროვებული, თუმცა ბრიტანულ გამოცემაში Financial Times-ში მოხვდა, საბერძნეთის შიდა გადაწყვეტილებებში ევროკავშირის სტუქტურათა გავლენების უპრეცედენტო გაზრდას ითვალისწინებს.

საბერძნეთის მთავრობის პრესმდივანმა პანტელის კაპსისმა განცახდა, რომ საბერძნეთის ბიუჯეტი მხოლოდ ქვეყნის ხელისუფლების პასუხისმგებლობის ზონაში უნდა დარჩეს.

საბერძნეთის განათლების მინისტრმა, ანა დიამანტოპულომ კი, ევროკავშირის გეგმას “ავადმყოფური წარმოსახვის პროდუქტი” უწოდა.

ამჟამად, ოფიციალური ათენი მეორე 130 მილიარდის ევროს კრედიტის შესახებ კრედიტორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. თუ აღნიშნული მოლაპარაკებები უახლოესი რამდენიმე დღეში წარმატებით არ დასრულდება, საბერძნეთი შემდეგ საკრედიტო ტრანშსაც ვეღარ მიიღებს.

საბერძნეთის მთავრობას ეს ფული საკუთარი გიგანტური საგარეო ვალის დასაფარად სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში მას დეფოლტის გამოცხადება და ევროს ზონიდან გაძევება ემუქრება.

გერმანია კი სთავაზობს, რომ ევროკავშირის დანიშნულ კომისარს ჰქონდეს ვეტოს დადების უფლება საბერძნეთის ამა თუ იმ გადაწყვეტილებაზე, თუკი ისინი იმ სტანდარტებს არ შეესაბამება, რომელიც საერთაშორისო მოვალეებმა დაუწესეს.

“იმის გათვალისწინებით, რომ ჯერჯერობით, საბერძნეთი მოთხოვნებს არ ასრულებს, ის უნდა დათანხმდეს იმას, რომ გარეკვეული დროით ქვეყნის ბიუჯეტის სუვერენიტეტი ევროპის დონეზე გადავიდეს,”-ციტირებს Financial Times გერმანიის წინადადებას.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი