ახალი ამბები

აქციის დროს დაკავებულთა საქმეს დღესვე განიხილავს სასამართლო

28 იანვარი, 2012 • 1218
აქციის დროს დაკავებულთა საქმეს დღესვე განიხილავს სასამართლო

პარლამენტის წინ გამართული აქციის დროს დაკავებული ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია სამართალდამცავებმა რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლეს.

“საპატრულო მანქანა წავიდა გაურკვეველი მიმართულებით, არ ვიცოდი, სად მივყავდი, ვუთხარი, რომ ვიყავი ჟურნალისტი და ხელს მიშლიდნენ საქმიანობაში. დახლოებით 1–1.5 საათის განმავლობაში ამ მანქანით დავყავდი საპატრულო პოლიციას. ახლა გიშველოს შენმა რადიომ და ოპოზიციამ – მეუბნებოდნენ გზაში ცინიკურად,” – აცხადებს ილია ჩაჩიბაია.

ამ დროისთვის კვლავაც დაკავებულნი არიან აქციის მონაწილეები: ზაზა სვანაძე, ჯაბა ჯიშკარიანი, მიშა მუმლაძე, დავით ფაცაცია, ირაკლი ბერაია და კობა ცერცვაძე.

ისინი გირგვლიანის მკვლელობიდან 6 წლისთავისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომელიც პარლამენტთან “წინააღმდეგობის მოძრაობის” ორგანიზებით გაიმართა, დააკავეს. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები მას შემდეგ დააკავეს, რაც რუსთაველის გამზირის სავალ ნაწილზე გადასვლა სცადეს.

წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულთათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს დღესვე განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო.

ამავე თემაზე:

გირგვლიანის მკვლელობის გამო გამართულ აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს

ექვსი წელიწადი გირგვლიანის მკვლელობიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი